ეს შენ გეხება! 2016 წლის 18 მარტს საიამ თავისუფლების მეტროსთან საინფორმაციო ფლაერები დაარიგა და მოსახლეობას 19 მარტს ფილარმონიასთან 13:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა. მოძრაობა 'ეს შენ გეხებამ' კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა! დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.