საიამ დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მიზნით დაიწყო ტესტირების მეთოდის გამოყენება (ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, ჩეხეთში, საფრანგეთში და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში). ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: მომსახურების მიწოდების სფეროში ადგილი აქვს დისკრიმინაციას, ამ ფაქტის დასამტკიცებლად მომსახურების მიმწოდებელს სტუმრობს დისკრიმინირებული ჯგუფის წარმომადგენელი (ტესტერი). ეს უკანასკნელი განსაზღვრული პირობით სთავაზობს მომსახურების მიმწოდებელს მომსახურების შესყიდვას. თუკი მომსახურების მიმწოდებელი ტესტერს უარს ეტყვის მომსახურების მიწოდებაზე, 15 წუთის გასვლის შემდეგ მომსახურების მიმწოდებელს სტუმრობს არადისკრიმინირებული ჯგუფის წარმომადგენელი (თანატესტერი). თანატესტერი იმავე პირობებით სთავაზობს მომსახურების მიმწოდებელს, რაც ტესტერმა შესთავაზა. თუ მომსახურების მიმწოდებელი ამ პირობებით თანახმა იქნება თანატესტერს მიყიდოს მომსახურება, საქმე მზად არის სასამართლოში დავის წარმოებისათვის. ამის შემდეგ მომსახურების მიმწოდებელმა უნდა დაამტკიცოს სასამართლოში რა გონივრული და ობიექტური გარემოება ამართლებდა იმას, რომ მან უარი უთხრა ტესტერს მომსახურების მიწოდებაზე და იმავე პირობით დათანხმდა თანატესტერს მომსახურების გაწევაზე. როგორც ტესტერმა, ისე თანატესტერმა მომსახურების მიმწოდებელთან კომუნიკაცია უნდა ჩაიწეროს, რათა ფაქტის მტკიცებულება იქნას შექმნილი.