რა არის დისკრიმინაცია
- არსებობს ორი სახის დისკრიმინაცია
1.1 პირდაპირი დისკრიმინაცია
რასის, კანისფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების განსხვავებული მოპყრობა ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების თანაბარი მოპყრობა. პირდაპირ დისკრიმინაციად არ მიიჩნევა იმგვარი მოპყრობა, რასაც გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
1.2.არაპირდაპირი დისკრიმინაცია
ფორმით ნეიტრალური ნორმით, პრაქტიკით ან კრიტერიუმით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ თანაბარი მოპყრობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო, თუკი ამგვარი მოპყრობა არ არის ობიექტურად და გონივრულად გამართლებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისაგან?
თუკი ადამიანის თანასწორობის უფლება ირღვევა კანონით ან კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. ამ მუხლში არის დისკრიმინაციის ნიშნების ამომწურავი ჩამონათვალი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ დაუდგენია ამ მუხლის დარღვევა ისეთი ნიშნით, რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. საკონსტიტუციო სასამართლო ძალადაკარგულად გამოაცხადებს იმ კანონს ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
თუკი მოხდა ადამიანის მიმართ დისკრიმინაცია სახელმწიფო დაწესებულების ან კერძო პირის მხრიდან განხორციელებული რაიმე ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების გამო, დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებიდან სამი თვის ვადაში მსხვერპლმა უნდა მიმართოს საერთო სასამართლოს. სასამართლოს შეუძლია დაავალოს დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენ დააკისროს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის ან მისი აღმოფხვრის, მსხვერპლისათვის მიყენებული მორალური ანდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენი კერძო ან სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ განცხადებით მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი დაეხმარება დისკრიმინაციის მსხვერპლს დისკრიმინაციის ფაქტის დოკუმენტირებაში. სახალხო დამცველს შეუძლია მიიწვიოს და შეეცადოს მსხვერპლისა და დისკრიმინაციის ჩამდენი პირის მორიგებას, დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლისას გამოითხოვოს ინფორმაცია საჯარო ან კერძო დაწესებულებიდან, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მიაწოდოს სახალხო დამცველს მოთხოვნილი ინფორმაცია. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისისაჯარო მოსამსახურის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. თუკი არსებობს დისკრიმინაციის ხელშემწყობი პირობები ან დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის საფრთხე, სახალხო დამცველი გამოსცემს ზოგად წინადადებას. თუკი სახალხო დამცველმა უტყუარად დაადგინა დისკრიმინაციის არსებობა, დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს უგზავნის რეკომენდაციას. თუკი სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ იქნება გაზიარებული, სახალხო დამცველს შეუძლია ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს სარჩელით და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება; სახალხო დამცველს შეუძლია ასევე სასამართლო მეგობრის წარდგენა სასამართლოსათვის.
შეუძლებელია ერთდროულად საქმის წარმოება სასამართლოში და სახალხო დამცველთან. სახალხო დამცველმა უნდა შეაჩეროს განცხადების განხილვა, თუკი ამ საკითხს იმავდროულად განიხილავს სასამართლო. თუკი სასამართლო მიიღებს საკითხზე გადაწყვეტილებას, სახალხოდამცველმა უნდა შეწყვიტოს იმავე საკითხზე საქმისწარმოება. იმავდროულად, თუკი მიმართავთ სახალხო დამცველს, გაითვალისწინეთ, რომ სახალხო დამცველს არ ზღუდავს კანონი კონკრეტული ვადით და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ვერ მოხერხდეს დისკრიმინაციული ქმედების ჩადენიდან 3 თვის ვადაში, რაც გამორიცხავს ამის შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას.