14 წელი აგვისტოს ომიდან - შედეგები და მოლოდინები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

თარიღი: 8 აგვ 2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომს, და, შესაბამისად, რუსეთის აგრესიას, ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები, 26 888 პირი (9081 ოჯახი) იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები.

მიმდინარე წელს აღსანიშნავია, რომ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული საგამოძიებო პროცესი, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ჩადენილ შესაძლო საერთაშორისო დანაშაულებზე, ახალ ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, რომის სტატუტის 58-ე მუხლის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის, მიმართ გამოსცა დაკავების განჩინებები.

წინასასამართლო პალატამ დაადასტურა, რომ სამივე მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები დაკავშირებული იყო სამხედრო კონფლიქტთან[1] და, შესაბამისად, სახეზეა ომის დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ელემენტები.[2] სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, ძირითადად, ეთნიკურად ქართველ სამოქალაქო მოსახლეობას უკანონოდ აკავებდნენ და გადაჰყავდათ იზოლატორში (ე.წ. ‘КПЗ’). წინასასამართლო პალატამ აღნიშნა, რომგანხორციელებული უკანონო დაკავებები კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის (ქართველების) წინააღმდეგ მიმართული კოლექტიური ზომები იყო, რომელსაც, სხვა ფაქტებთან ერთად, ადასტურებს დაკავების დროს პირების მიმართ დასმული კითხვა: იყვნენ თუ არა ისინი ეთნიკურად ქართველები.[3] დაბოლოს, სამოქალაქო მოსახლეობის დაკავების მიზანს წარმოადგენდა შემდგომ მათი გაცვლა ქართულ მხარესთან.[4]

მიხაილ მინძაევი ომის პერიოდში იკავებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობას. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და იძულებით გადაადგილება.[5] მიხაილ მინძაევის ოფისი და დაკავების იზოლატორი მდებარეობდა ერთსა და იმავე შენობაში. მინძაევი თავად საჯაროდ ადასტურებდა სამოქალაქო მოსახლეობის დაკავების ფაქტებს და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამორჩეულ როლს ამ პროცესში. ამასთან, მინძაევი იმყოფებოდა იზოლატორში მაშინ, როდესაც დაკავებულებს აიძულებდნენ ქართული დროშისთვის დაეფურთხებინათ და გადაებიჯებინათ.[6] მინძაევი აკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორს, პირადად იღებდა მონაწილეობას დაკავებული მოსახლეობის გამოკითხვაში, მაშინ, როდესაც, მათ მცველები ფიზიკურად და ვერბალურად უსწორდებოდნენ; მან იცოდა, რომ დაკავებულები იმყოფებოდნენ არასათანადო საცხოვრებელ პირობებში; დაბოლოს, მხარს უჭერდა და ახალისებდა ამ ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მინძაევი არის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არაპირდაპირი ამსრულებელი ან დამხმარე.[7] მინძაევი, ასევე, სხვა პირებთან ერთად, ითვლება სამოქალაქო მოსახლეობის მძევლად ხელში ჩაგდების და მათი გაცვლის არაპირდაპირ თანაამსრულებლად.[8]

ჰამლეტ გუჩმაზოვი იკავებდა წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელის თანამდებობას. წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ გუჩმაზოვი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ქმედებებში. როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი, გუჩმაზოვი, მცველებს აძლევდა სხვადასხვა მითითებასა თუ დავალებას.[9] გუჩმაზოვი დაკავებულების მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს ადევნებდა თვალყურს და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ახორციელებდა ასეთ ქმედებებს, როგორიცაა დაკავებულების მიმართ ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენება.[10]

დავიდ სანაკოევი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენი (სახალხო დამცველი). მას ბრალი ედება 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობის მძევლად ხელში ჩაგდებასა და უკანანო გადაყვანაში.[11] სანაკოევი მონაწილეობას იღებდა ქართულ მხარესთან მძევლების გაცვლის მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში, და წარმოადგენდა დე ფაქტო ხელისუფლების მხარეს.[12] ამასთან ერთად, სანაკოევი, სულ მცირე, ხუთჯერ დაესწრო მძევლების იძულებით გადაადგილებას და მათი გადაცემის ოქმებს მოაწერა ხელი. ოქმი, თავის მხრივ, ადასტურებდა, რომ დაკავებული პირები "ნებაყოფლობით ტოვებდნენ დაწესებულებას ცხინვალში და, მათ, დაკავების იზოლატორში მოპყრობასთან დაკავშირებით არ ჰქონდათ პრეტენზიები".[13] პალატამ დაადგინა, რომ ამ ქმედებებით სანაკოევმა ხელი შეუწყო სამოქალაქო მოსახლეობის მძევლად აყვანასა და, შემდგომ, მათ უკანანო გადაყვანას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე.[14]

წინასასამართლო პალატამ დაკავების განჩინებებში დაადგინა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საერთო მიზნის მქონე ჯგუფის არსებობას; კერძოდ, საერთო მიზნის მქონე ჯგუფი ახორციელებდა სამოქალაქო მოსახლეობის მძევლად აყვანას და მათ გამოყენებას „ვაჭრობის იარაღად“. დაჯგუფება ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული და მსჯავრდებული პირების, მათ შორის, გენერალი დუმბაძის, რომლის დაკავებაც არ იყო დაკავშირებული 2008 წლის კონფლიქტთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის გადაცემას. ამ მიზნის განსახორციელებლად ჯგუფის წევრები, კერძოდ, ბორისოვი, სანაკოევი, გუჩმაზოვი და სეპარატისტული სამხეთ ოსეთის რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ პროკურორს წინასასამართლო პალატისადმი მიმართვაში, ედუარდ კოკოითისადმი დაკავების განჩინების გამოცემა არ მოუთხოვია, თუმცა პალატამ მიუთითა, მისი, როგორც ერთიანი მიზნის მქონე ჯგუფის წევრის, შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე.[15]

დამატებით, აღსანიშნავია, რომ, გარდა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისა, რუსეთის ოფიციალური პირების ჩართულობა 2008 წლის აგვისტოს ომში დასტურდება მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,[16] მიერ. ასევე, ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ[17] მიუთითა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე რუს ჩინოვნიკებს უკვე ჰქონდათ დე ფაქტო კონტროლი სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით, კი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე. კერძოდ, დე ფაქტო მთავრობა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო რუსეთის წარმომადგენლებით ან რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსური წარმოშობის პირებით, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ეკვივალენტურ თანამდებობებზე რუსეთში. საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში საკვანძო ძალოვან უწყებებს (შსს, თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი) რუსული არმიის ყოფილი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების: მინძაევის, გუჩმაზოვისა და სანაკოევის დასჯა (თუ ისინი დამნაშავედ სცნეს) არ აღმოფხვრის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევას, რადგან სამხედრო შეტაკებების მასშტაბი ადასტურებს, რომ დამნაშავეთა წრე, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსეთის ფედერაციის კონტროლს, საკმაოდ დიდია.

ხაზგასასმელია, რომ პროკურორმა, მოცემულ სამ პირს დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ განაცხადში, ბრალი წარუდგინა მხოლოდ შესაძლო ომის დანაშაულების ჩადენაში. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია პროკურორმა გააგრძელოს ეფექტიანი გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე, რადგან საერთაშორისო მართლმსაჯულების ყურადღების მიღმა არ დარჩეს ამ დანაშაულების გასამართლება. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ანგარიში აღწერს ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდასა და სხვა ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია, არა მხოლოდ, ომის დანაშაულების ჩადენასთან, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან.[18]

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს:

- მოითხოვოს წინასასამართლო პალატის წინაშე დაკავების განჩინების გამოცემა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მიმართ;

- გააგრძელოს ეფექტიანი გამოძიება შესაძლო ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მიმართ;

- გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეხვდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციას (აღნიშნული შეხვედრის თაობაზე პროკურორის ოფისს წერილი 2022 წლის 28 მარტს წარედგინა).

დამატებით, მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს და რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანად ითანამშრომლონ და იმოქმედონ დაკავების განჩინებების აღსასრულებლად, ხოლო, საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს ყველა შესაძლო მექანიზმი შესაბამისი პირების სასამართლოსთვის გადასაცემად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)


[1] მიხაილ მაიოროვიჩ მინძაევის დაკავების განჩინება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა, 2022 წლის 30 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://www.icc-cpi.int/sites/default/files/CourtRecords/CR2022_05214.PDF, [ბოლოს ნანახია: 12.07.2022].

[2] See, Elements of Crimes, International Criminal Court, 2011, Introduction to article 8, available at: https://www.icc-cpi.int/sites/default/files/Publications/Elements-of-Crimes.pdf [ბოლოს ნანახია: 12.07.2022].

[3] Supra note 1, par. 17.

[4] იქვე, par. 18.

[5] იქვე, par. 1.

[6] იქვე, paras. 39-40.

[7] იქვე, par. 46.

[8] იქვე, par. 49.

[9] ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავების განჩინება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა, 2022 წლის 30 ივნისი, პარ. 39-40, ხელმისაწვდომია: https://www.icc-cpi.int/sites/default/files/CourtRecords/CR2022_05215.PDF [ბოლოს ნანახია: 12.07.2022].

[10] იქვე, par. 42.

[11] დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევის დაკავების განჩინება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა, 2022 წლის 30 ივნისი, პარ. 1, ხელმისაწვდომია: https://www.icc-cpi.int/sites/default/files/CourtRecords/CR2022_05216.PDF [ბოლოს ნანახია: 12.07.2022].

[12] იქვე, par. 25

[13] იქვე, par. 29

[14] იქვე, paras. 31-32

[15] წინასასამართლო პალატამ სამივე განჩინებაში იმსჯელა მოცემულ საკითხზე, მათ შორის იხილეთ, მინძაევის განჩინება პარ. 48; გუჩმაზოვის განჩინება პარ. 44; სანაკოევის განჩინება პარ. 27

[16] Georgia v. Russia (II), application no. 38263/08, 21.01.2021.

[17] See Reports of EU Fact-Finding Mission (Volume I < https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_I2.pdf, [17.03.2022] Volume II <https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_II1.pdf, [28.03.2022].

[18] See: See Human Rights Watch, ‘Georgian Villages in South Ossetia Burnt, Looted’, 13 August 2008 https://www.hrw.org/news/2008/08/12/georgian-villages-south-ossetia-burnt-looted, [28.03.2022]; Government of Georgia, “Update Report Concerning the National Criminal Proceedings of Georgia over the Crimes against Humanity and War Crimes related to the August 2008 Armed Conflict”, November 2014, GEO-OTP-0003-0003, (Current document is confidential and mentioned as Annex E.7.1 of prosecutor’s request https://www.icc-cpi.int/CourtRecords/CR2015_19375.PDF, [28.03.2022]; Ethnic Cleansing of Georgians Resulted from Russian Invasion and Occupation since August 8, 2008, https://www.osce.org/files/f/documents/6/b/34091.pdf?fbclid=IwAR1SKYtuae8nS6Q8YFbiZGKucfGYtQw9U1uozeW1ivTT0XJIu8KPwk3QYz8%20,%20 [28.03.2022]; In August Ruins, Report of the Georgian Non-Governmental Organizationson Violation of Fundamental Human Rights & International Humanitarian Law August War, 2008, Prepared and published with the support of the Open Society Georgia Foundation.