ᲡᲐᲘᲐ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ ᲐᲡᲐᲩᲘᲕᲠᲔᲑᲡ ᲜᲝᲠᲛᲐᲡ, ᲠᲐᲪ 18 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐᲡ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲣᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ

თარიღი: 6 სექტ 2019

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნიკოლოზ ადამიას სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დავის საგანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც 18 წელს მიუღწეველი პირი არ შეიძლება იყოს შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორი. ეს აკრძალვა გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანი ვერ შეიტანს გაფრთხილებას მერიაში აქციის ჩატარების გამო ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლება მოიცავს როგორც მასში მონაწილეობის, ასევე მისი ორგანიზების უფლებასაც. საია საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს 16 წლის ასაკის ნიკოლოზ ადამიას ინტერესებს, რომელსაც გასაჩივრებული ნორმა ართმევს შესაძლებლობას, მის თანატოლებთან ერთად შეიკრიბოს და მშვიდობიანი ფორმით საზოგადოებას და ხელისუფლებას გააცნოს ახალგაზრდების პროტესტი, იდეები და შეხედულებები.

იმისათვის, რომ არასრულწლოვნებმა გამოხატონ პროტესტი ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავების ფორმით, კანონი მათგან ითხოვს იმას, რომ მოძებნონ სრულწლოვანი პირი, რომელიც მათი სახელით მერიაში შეიტანს წინასწარ გაფრთხილებას. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სრულწლოვანი პირებს არ ჰქონდეთ ინტერესები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც არასრულწლოვანები პროტესტს გამოხატავენ და ამის გამო, ასეთმა სრულწლოვანმა პირმა გაფრთხილება არ შეიტანონ მერიაში შეკრების ჩასატარებლად. ამის შედეგად, არასრულწლოვანები კარგავენ შესაძლებლობას, ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავების გზით მათი წუხილები მიიტანონ საზოგადოებამდე და ხელისუფლებამდე.

საია მიიჩნევს, რომ 18 წლამდე პირებისთვის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების უფლების ბლანკეტური აკრძალვა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ შეკრების უფლებას. გასაჩივრებული ნორმა ასევე ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაკის ნიშნით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს აწარმოებს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.