2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ, მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
1 წლის განმავლობაში საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, ნათელი ხდება, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, ქ. თბილისის პროკურატურას არ აქვს ნებელობა დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო, საქართველოს გენერალური პროკურატურა რეაგირების გარეშე ტოვებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება “ტვ პირველის“ ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო.
აქამდე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავას და დეა მამისეიშვილის საქმეზე გამოაცხადა განაჩენები. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა პირების ეპიზოდში სასამართლომ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და დევნის ნაწილში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალად წარდგენილი მუხლების ნაწილში მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.
მართალია, გამოძიება დაიწყო, მათ შორის, ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა ბრალდებულთა რაოდენობიდან და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი და სათანადოდ ეფექტიანი. ეს გამოიხატება იმაში, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით როგორც მოძალადე პირების, ისე - ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის დღემდე გამოკვეთილი. ასევე, აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენიც, რომელიც უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთგვარი წინაპირობა. განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ და დათვალიერებულ იქნა ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის მიერ მოპოვებული ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს ივნისის თვეში ,,ალტ ინფო-ს“ მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას. ჩანაწერის თანახმად, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი ოთხ პირს შორის, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების შექმნას. სიუჟეტში ვითარდება შეხედულება, რომ ძალადობა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირების მხრიდან სასჯელის მოხდაც პრობლემა არ უნდა იყოს.
ამასთანავე, შემაშფოთებელია „ტვ პირველის“ ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, იკვეთებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტულ თანამშრომელთა პასუხისმგებლობა 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით განსაკუთრებული მობილიზაციისა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილების გამო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ:
- ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოსაძიებლად გადაეცეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;
- გვაცნობოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა/არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით;
საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ:
- 5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.