2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 11 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის, კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს, ასევე მათ პერიმეტრზე.
კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. იმავდროულად, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.
საიამ ამ დრომდე 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში:
- მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;
- საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. Ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;
- მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება, ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;
- ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე, თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო საარჩევნოკომისიებში;
- ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;
- ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.
გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქოდა საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 12:00, 16:30 და 21:00 საათზე გაიმართება.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლომისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ღიასაზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.