კვლევამ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებული გარემოსდაცვითი საქმეების შესავლისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვლია და შეაფასა, თუ როგორ არის დაცული საქართველოში გარემოსდაცვით საკითებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რა როლს ასრულებს სასამართლო ჯანაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვაში და რა გამოწვევებს აწყდებიან პირები სასამართლო პროცესების დროს. კვლევამ პრაქტიკაში არსებული პრობლემების გამოავლინა და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.
კვლევის მიგნებების თანახმად, გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების სათანადო დაცვის გარანტიაა, თუმცა, საქართველოში ხშირად პრობლემურია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სათანადოდ სარგებლობა. ხშირად კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით იღებენ, სათანადოდ არ იკვლევენ საქმის გარემოებებს და, შესაბამისად, ვერ აფასებენ პროექტის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას გარემოსა და ადამიანზე. ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები გარემოსდაცვით და მშენებლობის ნებართვებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული კვლევების გარეშე იღებენ. პრობლემურია, წარდგენილი კვლევების ხარისხიც.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კი ხშირად უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს არ წარმოადგენს. სასამართლო პროცესი დროში გაწელილია და იშვიათად ხდება გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც აუცილებელია გარემოსა და ადამიანისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თავიდან ასარიდებლად. ამასთან, პირებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და არასათანადოდაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი შინაარსობრივი ჩართულობა, რაც აუცილებელია გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისთვის.
დიდ ხარჯებს უკავშირდება სასამართლო პროცესებში მტკიცებულების სახით წარსადგენი საექსპერტო/სამეცნიერო დასკვნების მომზადება. დამატებით, შესაძლოა, რთული იყოს შესაბამისი ექპერტის მოძიებაც. ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს უფასო იურიდიული დახმარება, სასამართლო პროცესში ადვოკატების ჩართულობაც შესაძლოა დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
ეს სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).