21-ე საუკუნის მილერიტები

თარიღი: 22 აპრ 2020

1844 წლის 22 ოქტომბრის მზიან დილას, ამერიკაში, ინგლისსა და ავსტრალიაში სამყაროს აღსასრულის მოლოდინში ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანს აერთიანებდა რელიგიური ლიდერის უილიამ მილერისადმი რწმენა, რომელმაც ბიბლიის საკუთარი ინტერპრეტაციით მეორედ მოსვლის თარიღი იწინასწარმეტყველა. შემდეგ, ყველასთვის ცნობილია რაც მოხდა და ისტორიკოსებმა მათ მილერიტები, ხოლო ფაქტს ირონიულად „დიდი იმედგაცრუება“ უწოდეს.

ახლა, 2020 წელია, მსოფლიო გაურკვეველ ვირუსს, კოვიდ-19 ებრძვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც. უკვე მეორე თვეა, რაც სოციალური დისტანცისაა და იზოლაციის შესანარჩუნებლად ხელისუფლება სხვადასხვა რეგულაციებს აწესებს. დღეს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 მაისამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება კვლავ კონცეტრირებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ამ პროცესებში პარლამენტი მხოლოდ მინიმალურად არის ჩართული. დაწესებული შეზღუდვებიდან და მათ დარღვევაზე შერჩევითად რეაგირებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომელზე პასუხებიც ჯერ კიდევ არ გვაქვს.

პანდემიით გამოწვეულ კრიზისებს ემატება ისიც, რომ გაურკვეველია შეზღუდვები რამდენად ემსახურება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, მოქალაქეებს რეგულაციების შესახებ ინფომაციაზე წვდომა შეზღუდული აქვთ, რადგან გამართულად არ მუშაობს ცხელი ხაზი. ამ დრომდე არ ვიცით კონკრეტულად როგორ ემზადება ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მატებისთვის, რატომ ვატარებთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებ ტესტებს, ასევე ბუნდოვანია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას 22 მაისის შემდეგ.

ახლა, როცა 2020 წელია, საქართველოს მოსახლეობა თანამედროვე მილერიტებად ვიქეცით, ნაწინასწარმეტყველები პიკის ლოდინში ვცხოვრობთ შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში და გაურკვეველი ვადით. მაშინ, 1844 წელს, სამყაროს აღსასრული რომ არ დადგა, უილიამ მილერმა თავის მიმდევრებს დაუტოვა „პატიება და თავდაცვა“, სადაც ის ბოდიშს იხდიდა და ამბობდა რომ შეცდა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბოდიშის მოხდა არც ჩვენთვის გაუჭირდებათ, მაგრამ ამით ნაკლებად რომ ეშველება საქმეს და უფრო მწვავე პრობლემები გვექნება, ვიდრე პანდემიაა, ეს უკვე ნათელია.

ნინო ბაღაშვილი საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას