5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება

თარიღი: 8 დეკ 2021

დოკუმენტში მიმოხილულია ღირსების კვირეულამდე არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები და ზოგადი განწყობები საზოგადოებაში. ასევე, შესწავლილია კვირეულის დროს განვითარებული მოვლენები და გაანალიზებულია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, შეფასებულია დაწყებული გამოძიების მიმდინარეობა, შედეგები და მათი შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან. ანგარიში მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის გამოვითხოვეთ რელევანტური საჯარო ინფორმაციები, განვახორციელეთ მედიამონიტორინგი, გავეცანით და შევაფასეთ საიას წარმოებაში სისხლის სამართლის საქმის მასალები, მიმოვიხილეთ საქართველოს კანონმდებლობა და რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები.

კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად. აგრესიულმა ჯგუფებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ჩაიდინეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. დაარღვიეს ლგბტქი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე კერძო საკუთრების უფლება, უხეშად ჩაერივნენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ხელისუფლებამ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულებები. ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირების ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა. სავარაუდო დაპირისპირების მოლოდინს არათუ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება, არამედ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებებიც მათ ძალადობრივ მიზანზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა.

ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარ შესაძლო დანაშულებზე დაწყებული გამოძიებები პრობლემურია. გამოძიების ეტაპზე საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ დაზარალებულებს არ მიეცათ მტკიცებულებების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა. აგრეთვე, შესაძლებელია ითქვას, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საგამოძიებო ორგანოებისთვის, ვინაიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტები და ფიგურანტები საჯაროდ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებიდანაც იკვეთება. შესაბამისად, ეფექტიანი გამოძიების ფარგლებში და სათანადო ნების არსებობის პირობებში, ბრალდების მხარე შეძლებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთა და მათში მონაწილე სხვა პირთა გამოკვეთას.

სახელმწიფო არ უზრუნველყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლისა და თავდასხმის ფაქტების დროულ აღკვეთას და არაეფექტიანი გამოძიებით სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს მომხდარ დანაშაულებს. მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას, აჩენს „დაუსჯელობის სინდრომს“ და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთი დანაშულები ქვეყანაში ბადებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების, პიროვნების იდენტობის, აზრის გამოხატვის და თავისუფალი განვითარების შიშს. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას.

რეკომენდაციები

მოვუწოდებთ:

სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს

- შეწყვიტონ სიძულვილის ენით საუბარი, დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები და უზრუნველყონ საჯარო განცხადებების მეშვეობით, ტოლერანტული, უფლებებზე ორიენტირებული პოზიციის ადვოკატირება;

საქართველოს მთავრობას

- შეიმუშავოს ეფექტიანი პოლიტიკა ჰომო/ბი/ტრანსფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს

- დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პირთა მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან, სათანადოდ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება;

- დაპირისპირების საშიშროების არსებობისას მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოს სათანადო საპოლიციო ძალის მობილიზება;

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე;

- 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებებში მონაწილე პირთა და ძალადობის ორგანიზატორთა დასადგენად განაგრძოს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები;

საქართველოს პროკურატურას

- დასაბუთებული ვარაუდის სატანდარტით გამოკვეთოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და მასში მონაწილე სხვა პირთა ბრალეულობა.