ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ ნორმებს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

თარიღი: 7 მარ 2019

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ირაკლი ჯუღელის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესახებ საია მრავალი წელია საუბრობს და აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ამ დრომდე საიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში 6 სარჩელი აქვს წარდგენილი.[1] ამჯერად, საია ითხოვს ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

კერძოდ, საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაკავების საფუძველს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უფლებას აძლევს პირი დააკავოს პიროვნების დადგენის მიზნით. საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება პიროვნების დადგენის საფუძვლით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას.[2]

ასევე, საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომლის დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავების შემთხვევაში დაკავების ხანგრძლივობა შესაძლებელია 12 საათამდე გრძელდებოდეს. საიას შეფასებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულ პირებს შორის.


[1] https://gyla.ge/ge/post/saias-sakonstitucio-sarchelebi-administraciul-samartaldarghvevata-kodeqsis-shesacvlelad#sthash.DnyytQSP.dpbs

https://gyla.ge/ge/post/saia-administraciul-samartaldarghvevata-kodeqsis-rva-mukhlis-arakonstituciurad-cnobas-moitkhovs#sthash.e7RGPuVW.dpbs

[2] საქართველოს კონსტიტუციის 13-ე მუხლის პირველსა და მესამე პუნქტებს.