2024 წლის 22 იანვარს, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მოსამართლეს უკრძალავს გამოიყენოს ზეპირი შენიშვნა, თუკი იმავე სამართალდარღვევისათვის იმავე პირის მიმართ ზეპირი შენიშვნა უკვე გამოყენებული იყო. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რა დროა გასული ზეპირი შენიშვნის გამოყენების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის სამართალდამრღვევად სცნო 2022 წლის 25 მარტის დადგენილებით. მოსამართლის განმარტებით, მოსარჩელეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ზეპირი შენიშვნა უკვე გამოცხადებული ჰქონდა 2020 წლის 2 თებერვალს, ამის გამო, მან განმეორებით ეს ღონისძიება არ გამოიყენა.
თუკი ადამიანმა ერთხელ ჩაიდინა სამართალდარღვევა, რისთვისაც მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირი ერთი წლის განმავლობაში ჩაიდენს იდენტურ სამართალდარღვევას. თუკი ერთი წლის განმავლობაში ადამიანი ახალ სამართალდარღვევას არ ჩაიდენს, ის არ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად და მის მიმართ სახდელის მკაცრი ზომის გამოყენება დაუშვებელია. ერთი წლის განმავლობაში სამართალდამრღვევის სტიგმატიზაციის შეზღუდვა არ მოქმედებს ზეპირ შენიშვნასთან მიმართებაში, პირველ რიგში იმის გამო, რომ ზეპირი შენიშვნა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სახდელს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებისათვის ზეპირი შენიშვნის გამოყენებიდან გასული იყო ორი წელი, ამის მიუხედავად, მოსამართლემ უარი განაცხადა მის მიმართ კიდევ ერთხელ ზეპირი შენიშვნის გამოყენებაზე.
საია დავობს, რომ სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-12 მუხლს (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-15 მუხლის პირველ პუნქტს (პირადი ცხოვრების უფლება), 31-ე მუხლის პირველ პუნქტს (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-9 მუხლს (ღირსების უფლება).