აღსრულების ბიუროს მიერ მოქალაქეთა გამოსახლების პროცესი არღვევს ადამიანის უფლებების საბაზისო გარანტიებს

თარიღი: 23 იან 2024

ფოტო: publika.ge

2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო.[1] Საყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.[2]

ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს.[3] Გარდა ამისა, გამოსახლების პროცედურას დაქვემდებარებული არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ძირითადად იგნორირებულია გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მოწყვლადობის შეფასება, მათ შორის, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკები.[4] საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალური გარანტიები. Კერძოდ, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში[5] და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად.[6] ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მოთხოვნებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა).[7] ამასთან, ზოგიერთი აქტიური თუ პასიური საშუალების,[8] როგორც საპოლიციო ძალის გამოყენება ასეთ ვითარებაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით.

ამ სტანდარტების დაცვის აუცილებლობას დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს ის ფაქტი, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს “ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს.“[9] აუცილებელია, ხელისუფლებამ შეასრულოს იმგვარი როლი, რომლითაც, ერთი მხრივ, ხელშეკრულების სუსტ მხარეს დაიცავს კაბალური პირობებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აღსრულების პროცესს, როგორც ყველაზე მზღუდავ ღონისძიებას, გამოიყენებს ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად,.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გამოსახლების წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტის მიმდინარეობისას, Როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებით დგინდება, პოლიციამ ადგილზე მყოფი 20 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.[10] ასევე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებისგან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.[11] გავრცელებული ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაბრკოლების გარეშე შეხვდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

Მოვუწოდებთ:

Სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები.

Შინაგან საქმეთა სამინისტროს - მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.

Საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას - დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს.


[1] https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/2123303814670063 13:29სთ; https://www.facebook.com/photo/?fbid=908352014623586&set=a.727040116088111;

[2] https://mtavari.tv/news/146244-tbilisshi-sam-ojakhs-usakhlkarod-darchena

[3] UN Commission on Human Rights, Resolution E/CN/4/RES/1993/77; UN Committee on Economic, Social and Cultural Rights, general comment No. 7

[4] ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2022. https://www.gyla.ge/files/2020/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/untitled%20folder/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf

[5] CESCR General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11 (1) of the Covenant), Adopted at the Sixth Session of the Committee on Economic, Social and Cultural Rights, on 13 December 1991 (Contained in Document E/1992/23), 18 https://www.refworld.org/pdfid/47a7079a1.pdf

[6] CESCR General comment 7. (General Comments), The right to adequate housing (Art.11.1): forced evictions : . 20/05/97, 11. https://www.refworld.org/docid/47a70799d.html

[7] CESCR General comment 7. (General Comments), The right to adequate housing (Art.11.1): forced evictions : . 20/05/97, 8. https://www.refworld.org/docid/47a70799d.html

[8] https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/2123303814670063

[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/4/1380 საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II 35 https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10394 ამასთან კავშირში, Ხაზგასასმელია, რომ 2018 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.

[10]https://www.interpressnews.ge/ka/article/784954-kekelizis-kuchaze-sadac-gamosaxlebis-procesi-mimdinareobda-shss-m-20-piri-daakava

[11] მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ პოლიციელის მხრიდან „მაუწყებლის” ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. 23.01.2024 https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/96853-movutsodebth-samarthaldamcav-utsyebebs-dauyovnebliv-gamoidzion-policielis-mkhridan-mautsyeblis-zhurnalistebze-fizikuri-dzaladobis-faqtebi