ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები რეგიონში

თარიღი: 8 სექტ 2016

2016 წლის 18 ივლისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა[1] ინფორმაცია წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ქ.ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ვარშალომიძის ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე ამომრჩეველთან დადო წერილობითი ხელშეკრულება ახალი კორპუსის მშენებლობის დაპირების შესახებ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთაიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 252-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

ვფიქრობთ, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და მას უყალიბებს მცდარ მოლოდინებს წინასაარჩევნოდ, რაც ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესების თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში წარმართვას.

აღნიშნული ფაქტების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საიამ აუდიტის სამსახურსა და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა. ამჟამად მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა აუდიტის სამსახურის მიერ.

სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსისას და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი-ქარელი

2016 წლის 16 აგვისტოს, ქარელში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიშიც მონაწილეობა გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე ქართული ოცნებისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა გამგეობის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მესამე ადგილი კი ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა დაიკავეს. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ქარელის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა დააჯილდოვა ფულადი პრიზებით - პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა 250 ლარი, მეორე ადგილზე გასული გუნდი 150 ლარით, მესამე ადგილის მფლობელი გუნდი კი 100 ლარით დაჯილდოვდა.


[1] http://ajaratv.ge/news/ge/3198/-khelshekruleba-korpusebis.html

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/389023-levan-varshalomidzem-bathumelebthan-akhali-korpusebis-msheneblobis-dapirebis-khelshekruleba-gaaforma.html