ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება საქართველოში/ანტიკორუფციული ქსელის მეხუთე რაუნდის საპილოტე მონიტორინგის ანგარიშის მიმოხილვა

თარიღი: 17 აგვ 2022

2022 წლის 30 მაისს OECD-ACN-მა გამოაქვეყნა სტამბოლის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მე-5 რაუნდის საპილოტე ანგარიში.[1] ამ ანგარიშში მონიტორინგის ჯგუფმა გამოიყენა ახლებური მეთოდოლოგია და ინდიკატორები, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოდან უკვე დაიწყება მე-5 რაუნდის ანგარიშის საბოლოო იმპლემენტაცია. ეს უკანასკნელი ამჟამად შემუშავების ეტაპზეა და შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს საპილოტე მონიტორინგის დროს გამოყენებულისგან (მათ შორის, ინდიკატორების რაოდენობა, ანგარიშის სტრუქტურა).

ანტიკორუფციული ქსელის მიერ მომზადებული საპილოტე დოკუმენტი შეეხება 13 სფეროს (განსხვავებით წინა ანგარიშისგან, რომელიც 4 თავს შეიცავდა). 13-ვე თავი მთლიანობაში 66 ინდიკატორს მოიცავს, მათ ფარგლებში კი - 100-ზე მეტ ქვეპუნქტს (Benchmark).[2] აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშის მიღება იგეგმებოდა 2021 წლის შემოდგომაზე, თუმცა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, რომელიც OECD/ACN-ის 26 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე არაკონსტრუქციული და არაკოლეგიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ითხოვა ამ ანგარიშის მიღების გადადება, რამაც საბოლოოდ რამდენიმე თვით შეაფერხა დოკუმენტის დამტკიცება.[3]

საპილოტე მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა ასევე მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2017-2018 და 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმები და მათი შესრულების მდგომარეობა. შეფასების ანგარიში ყველა სფეროში საკმაოდ კრიტიკულია. ის შეეხება როგორც კანონმდებლობის ხარვეზებს, ისე პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემებს. ანგარიში გამოკვეთს კონკრეტულ მიღწევებს და გაუმჯობესებულ სიტუაციასაც. მაგალითისათვის, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული ზოგადი ჩარჩო რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს ინტერესთა კონფლიქტის გადაჭრის გზებს; დეკლარაციების წარდგენის ელექტრონული პორტალი; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშების ონლაინ გამოქვეყნება; ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა მამხილებელთა ინსტიტუტის შესახებ და მხილების შეტყობინების გაგზავნისთვის სპეციალური ვებგვერდი. ანგარიშში დადებითად შეფასდა ისიც, რომ ჩამორთმევა და კონფისკაცია რუტინულად გამოიყენება კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში; კანონმდებლობა ითვალისწინებს კორპორატიული პასუხისმგებლობის საფუძვლებსაც; ანგარიშის მიხედვით განსაკუთრებული პროგრესი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ფიქსირდება.

მიუხედავად ამ მიღწევებისა, მონიტორინგის ჯგუფმა 13-ვე სფეროში დააიდენტიფიცირა მთელი რიგი გასაუმჯობესებელი საკითხებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემაში გამოვლინდა: სახელმწიფოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი პოლიტიკური გავლენებისგან მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; ასევე ძალიან მცირეა არამოსამართლე და არაპროკურორ წევრთა რაოდენობა და მათი გავლენის დონე შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპროკურორო საბჭოში; კრიტიკულად შეფასდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს არარსებობა, იურიდიული პირების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობა, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის არასაკმარისი მექანიზმები, ანტიკორუფციული გეგმების შემუშავებისას რისკების არასათანადოდ გათვალისწინება და სხვა.

ანგარიშში, კონკრეტულ ჩავარდნებთან ერთად მითითებულია იმაზეც, რომ ხშირ შემთხვევებში მონიტორინგის ჯგუფს არ ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტული ინდიკატორის თუ ქვეპუნქტის შესრულების დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები კონკრეტულ პროგრესზე მიუთითებდნენ, ისინი ვერ წარადგენდნენ შესაბამის მტკიცებულებებს, ან ეს დოკუმენტები მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.

უფრო კონკრეტულად, რას ვერ ვაკმაყოფილებთ და რა შინაარსის რეკომენდაციები იკვეთება ანგარიშიდან, მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.


[1] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring under the OECD Istanbul Anti-Corruption Action Plan, ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1787/d709c349-en, განახლებულია: 03.08.2022.

[2] ეს სფეროებია: ანტიკორუფციული პოლიტიკა, ინტერესთა კონფლიქტი (აცილება), ქონება და ინტერესთა შეუთავსებლობის გაცხადება (დეკლარაციები), მამხილებელთა დაცვა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა, სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერება, ბიზნესის კეთილსინდისიერება (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრეების საკითხი), კორუფციული დარღვევების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; იურიდიული პირების პასუხისმგებლობა; კორუფციული შემოსავლების გამოვლენა და მენეჯმენტი; მაღალი დონის კორუფციის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; სპეციალიზებული ანტიკორუფციული საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები.

[3] საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის ანგარიშის მიღებას აფერხებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 19.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ok2drP, განახლებულია: 03.08.2022.