საია საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია „სტუდენტურ სოლიდარობას“. საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, „სტუდენტური სოლიდარობა“ დავობდა იმაზე, რომ სტუდენტური თვითმმართველობისაგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოსარჩელის განმარტებით, სტუდენტურ თვითმმართველობასთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყო ჩაყენებული, რითაც ირღვეოდა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ამავე დროს მოსარჩელე მიუთითებდა იმაზე, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურდიული პირი. „სტუდენტური სოლიდარობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობდა იმაზე, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა შეეძლოთ მხოლოდ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მოსარჩელე ვერ იდავებდა საკონსტიტუციო სასამართლოში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „სტუდენტური სოლიდარობა“ წარმოადგენდა არარეგისტრირებულ პირს და შესაბამისად, არ იყო იურიდიული პირი. „სტუდენტური სოლიდარობა“ აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის აკრძალვით ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება სამართლიან სასამართლოზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 22 სექტემბერს განჩინებით არ მიიღო არსებითად განსახილველად სარჩელი და დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციას, ვინაიდან სტუდენტური სოლიდარობა და სტუდენტური თვითმმართველობა არ იყვნენ არსებითად თანასწორი პირები, ამიტომ სარჩელი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან (თანასწორობის უფლება) მიმართებით დაუშვებლად სცნო. რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიუთითა კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული ძირითადი უფლების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, თავად კონსტიტუცია ანიჭებდა იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ფართოდ განმარტა კონსტიტუციის მე-60 მუხლში გამოყენებული „იურიდიული პირის“ ცნება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იურიდიული პირი, გულისხმობს როგორც ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ისე არარეგისტრირებულ კავშირსაც. განმარტების მიხედვით, კონსტიტუციის მე-60 მუხლში მოცემულ „იურიდიულ პირს“ სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლისაგან განსხვავებული მნიშვნელობა. ამდენად, თუ სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლი არ მიიჩნევს არარეგისტრირებულ კავშირს იურიდიულ პირად, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი არარეგისტრირებულ კავშირსაც მოიაზრებს იურიდიულ პირად. ნორმის ამგვარი განმარტება „სტუდენტური სოლიდარობის“ ტიპის არარეგისტრირებულ კავშირებს, როგორც იურიდიულ პირს, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას ანიჭებს.