არასრულწლოვანი დაზარალებულის საქმე საია-მ წარმატებით დაასრულა

თარიღი: 10 ივნ 2022

საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა არასრულწლოვანის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხებოდა 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტს (ორ ეპიზოდს).

ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გადაკვალიფიცირდა წარდგენილი ბრალდება და ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 2552 -ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, განიხილა მხარეთა საჩივრები და ცვლილება შეიტანა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 07 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოშიც, თუმცა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დარჩა უცვლელი.