„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს

თარიღი: 2 ივნ 2023

საია იცავს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 12 აპრილის განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა, 2021 წლის 30 მარტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ჯინჭარაძის მიერ დაფიქსირებული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება პლაჟის 4500 კვ/მ ფართობის ბრენდირებული სასტუმროებისთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემის მიმართ.[1]

სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევასა და დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. საქმეში არსებული რიგი გარემოებებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განჩინებაში აღნიშნავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემას, თუმცა, შედეგი უცვლელი დატოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკვე გასაჩივრდა საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში.

აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ 2021 წლის 23 ივნისს, დროებითი ღონისძიების სახით სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს აეკრძალა სსიპ „ბათუმის ბულვარს“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნა და დღემდე აღნიშნული პოზიცია კვლავ ვაკანტურია.[2]

ეს საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდება ქვეყანაში ადამიანთა უფლებების შეზღუდვა განსხვავებული მოსაზრებების გამო. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღებს კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.


[1] https://gyla.ge/ge/post/dghes-saia-batumis-saqalaqo-sasamartloshi-irakli-jintcharadzis-sakhelit-sarchels-tsaradgens

[2] https://gyla.ge/ge/post/qutaisis-saapelacio-sasamartlom-sarchelis-uzrunvelyofis-shesakheb-batumis-bulvaris-yofili-direqtoris-sachivari-daakmayofila