საიას განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თარიღი: 1 ივნ 2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღე დამატებით კიდევ ერთი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, რომელიც ბავშვთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას უზრუნველყოფს.

განათლება

პანდემიამ და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბავშვთა განათლების უფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა სთავაზობდა მოსწავლეებს დისტანციური სწავლის შესაძლებლობებს, ასეთი ინიციატივების ხარისხი და წვდომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და საუკეთესო შემთხვევაში, იყო პირისპირ სწავლის მხოლოდ ნაწილობრივი შემცვლელი.[1] ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასწავლო პროცესს ბავშვების 15% საერთოდ არ ესწრებოდა.[2]

ამასთან, იმ ფონზე, როდესაც საკლასო სწავლების დისტანციური ან/და ჰიბრიდული მოდელის სწავლება დღემდე არაერთ სკოლაში მიმდინარეობს, გამოწვევად რჩება ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა და მოსწავლეთათვის კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტის არქონა.[3] აგრეთვე, პანდემიის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის კიდევ უფრო მეტად შემცირდა ხარისხიან განათლებაზე წვდომა.[4] ამას გარდა, მიმდინარე წელს კვლავ მაღალია სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებლი.[5]

ბავშვთა მიმართ ძალადობა

პანდემიის პირობები სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად, განსაკუთრებით ზრდის ბავშის მიმართ ძალადობისა და ბავშვის ძალადობის მოწმედ ყოფნის რისკებს.[6] მოცემულ გარემოებას დამატებით ართულებს, როგორც ძალადობაგანცდილ ბავშვთა მხარდამჭერი სერვისების, აგრეთვე სპეციალისტების სიმცირე.[7] მიმდინარე წელს გაიზარდა ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედების და სექსუალური ძალადობის შემთხვევები.[8] ბავშვთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე მიუთითებს უწყებებს შორის კორდინირებული მოქმედების ხარვეზები.[9] გარდა ამისა, გართულებულია ბავშვთა მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის ფორმების დროულად გამოვლენა.[10]

ბავშვთა სოციალური დაცვა

ბავშვთა სიღარიბე სახელმწიფოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. პანდემიის პერიოდმა ბავშთა სოციალური დაცვის მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა.[11] ამასთან, მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის ნაწილში. მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები არასაკმარისი და არაეფექტიანია.[12] განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში უწევთ ბავშვებს ცხოვრება სოციალურ საცხოვრისებში.[13]

გარდა ამისა, ქვეყანაში მწვავე პრობლემაა ბავშვთა შრომა. კვლავ აქვს ადგილი ისეთი მძიმე სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა სატვირთო მანქანებზე მუშაობა, ჯართის შეგროვება თუ სხვა ისეთი სამუშაო, რომელსაც ბავშვები სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით ასრულებენ.[14] ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის ნაწილში არსებულ მნიშვნელოვან სისტემურ ხარვეზებს მეტად ართულებს მობილური ჯუფების არასაკმარისი რაოდენობა.[15]

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები

მიმდინარე წელს, ისევ გამოწვევად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით ჩანაცვლების საკითხი.[16] ნინოწმინდის პანსიონატის შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებს. დიდი ზომის დაწესებულებაში მცხოვრებ ბავშვებს დამატებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ის გარემოება, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ არ ხდება ეფექტური გამოძიება ბავშთა მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.[17] ამ გამოწვევების ფონზე კი არალიცენზირებულ დაწესებულებებთან ერთად სახელმწიფოში ამ ეტაპისთვის ისევ ფუნქციონირებს 3 ლიცენზირებული დიდი ზომის დაწესებულება.[18]

ამასთან საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს კვლავ არ დაუმტკიდებია კონკრეტული გეგმა, რომელიც დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების მინდობით აღზრდასა და მეორეს მხირვ თემსა და ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით ჩანაცვლებას შეეხება.[19]

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეისწავლოს და შეაფასოს პანდემიის პირობებში ხარისხიან განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშავოს შესაბამისი გეგმა;

- პანდემიიდან გამომდინარე ბავშვთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკებისა და ამ შემთხვევათა გამოვლენის ხარვეზიანობის გათვალისწინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ეტაპობრივად გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა;

- როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე მუნიციპალური ხელისუფლების დონეზე უზრუნველყოფილ იქნას პანდემიის სოციალური ზეგავლენების შეფასება ბავშვთა სიღარიბეზე და მიღებული შედეგების გათვალისწინებით შევიდეს ცვლილებები და საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდეს ახალი როგორც გრძელვადიანი, აგრეთვე გადაუდებელი სოციალური დაცვის პროგრამები;

- პანდემიის პირობებში, სახელმწიფომ გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ღონისძიებები და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, ასევე ბავშვების ძალადობისგან დასაცავად;

- მთავრობამ დროულად შეიმუშაოს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.


[1] UNICEF, „The State of the Global Education Crisis, A Path to Recovery“, 2021, 5, ხელმისაწვდომია: https://uni.cf/3GtUEqw, განახლებულია: 31.05.2021.

[2] UNICEF, „მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში/მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება“, 2021, ხელმისაწვდომია: https://uni.cf/377G8HV, განახლებულია: 31.05.2021.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 266, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022040413242699860.pdf, განახლებულია: 31.05.2021.

[4] კოალიცია თანასწორობისთვის, „დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში“, 2021 წლის ანგარიში, 2022, 22, ხელმისაწვდომია:http://equalitycoalition.ge/files/shares/DISCRIMINATIA_2022_30_04_ForWeb.pdf, განახლებულია: 31.05.2021.

[5] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს 2022 წლის 2 მაისის წერილი №5 22 0000435626.

[6] გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, „COVID-19-ის გავლენა ბავშვებზე, პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა“, 2020, 2, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2020052713473693671.pdf, განახლებულია: 31.05.2021.

[7] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 270.

[8] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში კოვიდ-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში, 2022, 35, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022041512104735351.pdf, , განახლებულია: 31.05.2021.

[9] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 268.

[10] იქვე.

[11] საიას შეფასება 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 7, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/369BDMm, განახლებულია: 31.05.2021.

[12] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 272.

[13] კოალიცია თანასწორობისთვის, „სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საქართველოში“, 2022, 14-15, ხელმისაწვდომია: http://equalitycoalition.ge/files/shares/160x230mm_Pages.pdf, განახლებულია: 31.05.2021.

[14] UNICEF, „სპეციალური ანგარიში ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“, 2021, 7, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/38xTE7T , განახლებულია: 31.05.2021.

[15] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 277.

[16] „საიას შეფასება 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 7.

[17] იქვე.

[18] კოალიცია თანასწორობისთვის, „დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში“, 2021 წლის ანგარიში, 2022, 23.

[19] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2021, 275.