ცესკოს დაკომპლექტებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დააბრკოლებს ევროინტეგრაციის პროცესს

თარიღი: 20 მარ 2024

2024 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებების მიმართ, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ამრიგად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა შეგნებულად ხელიდან გაუშვა პრაქტიკულად ბოლო შანსი შეესრულებინა 2024 წლის არჩევნების წინ ევროკომისიის მოთხოვნები, რომლებიც მოახლოვებულ, არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას და საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მოიცავს.

„ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი შეუძლებელია შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა როგორც კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია