კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს კვოტით, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა (CCJE) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას ეხმაურება. კონკურსის გამართვა იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური უკვე არის ორივე ორგანიზაციის წევრი, მინიმუმ 2024 წლამდე და კონკურსების გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია მისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო, კითხვებს აჩენს და სასამართლო სისტემის შიგნით განსხვავებული აზრის დევნაზე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო[1] და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია[2] ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოებია. საკონსულტაციო საბჭო მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს და კომპლექტდება მოქმედი მოსამართლეებით (როგორც წესი, თითო წევრი ქვეყნიდან 1 წარმომადგენელი), რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მაღალი დონით გამოირჩევიან. ამასთან, მოსამართლეები წევრი სახელმწიფოების იმ ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციებით შეირჩევიან, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება კომისიას, მისი შექმნისა და საქმიანობის მიზანი, წევრ ქვეყნებში, მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან მისი შესაბამისობის გაუმჯობესებაა. საბჭოს მსგავსად, კომისია წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ექსპერტებით კომპლექტდება.
საკონსულტაციო საბჭოსა და ევროპული კომისიის მოქმედი წევრი, საქართველოს კვოტით, 2024 წლამდე,[3] უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქურია, რომლის კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში რაიმე ტიპის კითხვები არ არსებობს. ის არც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფთან ყოფილა ამ დრომდე დაკავშირებული. კოალიციის ინფორმაციით, ნინო ბაქაქური წინასწარ არ იყო ინფორმირებული კონკურსების ჩატარების წესის დამტკიცებისა და მისი გამოცხადების თაობაზე.[4] მას, აღნიშნულ ორგანიზაციებში, წევრობის ვადამდე შეწყვეტის თხოვნით, არც უფლებამოსილი ორგანოებისთვის მიუმართავს, რასაც, შესაძლოა, დღის წესრიგში ახალი წევრის შერჩევის საკითხი დაეყენებინა. თუმცა საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს, მის მიერ წარდგენილი წევრის გამოხმობის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ კონკურსის გამოცხადების მიზანი, სწორედ ნინო ბაქაქურის წევრობის ვადამდე შეწყვეტაა.
შესაბამისად, კონკურსის დაუგეგმავად, ნაჩქარევად და მითითებული ორგანიზაციების მოქმედი წევრის ინფორმირების გარეშე გამოცხადება სამწუხარო პრეცედენტია, რომელიც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სისტემის შიგნით არსებული შესაძლო განსხვავებული აზრის დევნის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:
- განმარტოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა (CCJE) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების მიზეზები იმ პირობებში, როდესაც, საქართველოს კვოტით, მინიმუმ 2024 წლამდე, ორივე პოზიციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური იკავებს და მას, წევრობის ვადამდე შეწყვეტის თხოვნით, უფლებამოსილი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.
[1] ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მისიისა და წევრობის შესახებ ვრცლად იხილეთ საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cWVzoN ).
[2] მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მისიისა და წევრობის შესახებ ვრცლად იხილეთ კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდი (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2xPhffd ).
[3] ნინო ბაქაქური საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და ის უვადოდ დანიშნული არ არის (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JudShb ).
[4] საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის N850 ბრძანება „საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zwYMmA); საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის N848 ბრძანება „ საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Q63mQ2).