2020 წლის 18 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) დარღვევა დაადგინა, განმარტა რა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, დანაშაულისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მომჩივნების მიმართ სამართალწარმოება არ შეწყვიტეს და ისინი დამნაშავედ ცნეს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივნები, მარინა ანთია და ნანა ხუფენია 1994-2006 წლებში სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში (შემდგომში ფონდი) ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობდნენ. ისინი პასუხისმგებელი იყვნენ იმ პენსიის მიმღებთა ვინაობის გამორკვევაზე, რომლებიც ანაზღაურებად სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული და ამავდროულად, ფონდისგან პენსიის სახით სოციალურ სარგებელს იღებდნენ. ამგვარი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ მომჩივნებს ევალებოდათ, უკანონოდ მიღებული პენსიის დაბრუნების უზრუნველყოფა და თანხების ფონდის საბანკო ანგარიშზე განთავსება.
2008 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომჩივნები დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 342 (1) მუხლით, იმ საფუძვლით, რომ 1995-2004 წლებში, მათი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფონდში იყო დასაქმებული, ხელფასთან ერთად ფონდისგან მაინც იღებდა პენსიას. სასამართლომ მომჩივნებს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მომჩივნები, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული სასამართლოების წინაშე დავობდნენ, რომ მათთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იყო განჭვრეტადი, ვინაიდან ფონდის თანამშრომლები სსკ 342-ე მუხლის სუბიექტები მხოლოდ 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გახდნენ, რომლითაც საჯარო მოხელის დეფინიციის წრე გაფართოვდა. ხოლო სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ისინი სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებულ მოხელედ და მასთან გათანაბრებულ პირად არ ითვლებოდნენ. შესაბამისად, ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მომჩივანთა მოვალეობები არ იყო კანონმდებლობის მიერ საკმარისი სიცხადით დარეგულირებული, მათ არ შეეძლოთ, განესაზღვრათ, თუ რა შეიძლება, ჩათვლილიყო მათი მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობად. ამასთან, 342 (1) მუხლით განსაზღვრული ქმედება ნაკლებად მძიმე ხასიათის იყო და მასზე ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა ვრცელდებოდა, რომელიც მომჩივნებზე პასუხისმგებლობის დაკისრების დროისთვის უკვე გასული იყო.
2008 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 2009 წელს, უზენაესმა სასამართლომ მართალია ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა, დაადგინა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მომჩივნები დაკისრებული სასჯელისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კონვენციის მე-7 მუხლით განსაზღვრული პრინციპი, არავითარი დანაშაული, არავითარი სასჯელი კანონის გარეშე (nullum crimen, nulla poena sine lege) გულისხმობს იმასაც, რომ დანაშაულისა და სასჯელის მომწესრიგებელი კანონი საკმარისად ცხადი უნდა იყოს, რათა კანონის ტექსტიდან გამომდინარე ინდივიდმა შეძლოს, განჭვრიტოს, თუ რა ქმედება ჩაითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად.
ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმეში სადავო არ იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რაც უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა. ამასთან, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 28 (1) (ე) მუხლი განსაზღვრავდა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში სისხლის სამართალწარმოება წყდებოდა. თუმცა, თუკი ბრალდებული წინააღმდეგი იყო ამგვარი შეწყვეტის, მაშინ სამართალწარმოება გრძელდებოდა და ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობით ან პასუხისმგებლობის დაკისრებით და შემდგომ სასჯელისგან გათავისუფლებით წყდებოდა. ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომჩივნები ეროვნული სასამართლოების წინაშე, მართალია, ითხოვდნენ სასჯელისგან გათავისუფლებას და არა სამართალწარმოების შეწყვეტას, თუმცა, ეს ვერ შეფასდებოდა როგორც სამართალწარმოების შეწყვეტაზე ექსპლიციტური უარი. აღნიშნულ საკითხზე, ისევე როგორც ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად სამართალწარმოების გაგრძელების მიზეზებზე, არც ეროვნულმა სასამართლოებმა იმსჯელეს. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა იმ დანაშაულისთვის, რომლის ხანდაზმულობის ვადაც უკვე გასული იყო, რაც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით დარღვევა დაადგინა, მან საჭიროდ აღარ ჩათვალა გაეგრძელებინა მსჯელობა 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტებზე.