ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო

თარიღი: 21 დეკ 2016

დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე: ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებისა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება.

ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (საჩივარი #16369/07)[1]

კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული 11 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საიამ 2007 წელს გააგზავნა საჩივარი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივნები სხვადასხვა პერიოდში დააკავეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა. დაკავებული მომჩივნები პოლიციის განყოფილებებში მოათავსეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. პოლიციის განყოფილებიდან მომჩივნები სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი მათ მიმართ იდენტური გადაწყვეტილებებით (ჯარიმა _ ქვეყნიდან გაძევებასთან ერთად) დასრულდა. ამასთან, სასამართლო პროცესებზე მომჩივნებს არ მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ არგუმენტები მათი გაძევების წინააღმდეგ. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მომჩივნები სპეციალურ დაკავების ცენტრებში გადაიყვანეს, საიდანაც შემდგომ სამგზავრო თუ სატვირთო თვითმფრინავებით საქართველოში გამოასახლეს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ რაიმე ტიპის უფლებათა დარღვევა არ დაადგინა, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მათი დაპატიმრების და უცხოელთა დაკავების ცენტრებში ყოფნის ფაქტი.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,

- მომჩივანთა გაძევება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების გაძევების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ამასთან, მომჩივანთა გაძევების პროცესი არ მიმდინარეობდა თითოეული ინდივიდის კონკრეტული საქმის სამართლიანი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. შესაბამისად, მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.

- მომჩივანთა გაძევებას წინ უსწრებდა მათი დაკავება პოლიციის განყოფილებებში ან/და უცხოელთა დაკავების ცენტრებში. მომჩივანთა დაპატიმრება და დაკავება იყო თვითნებური ხასიათის და წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით. ამასთან, განსახილველ პერიოდში მომჩივნებს არ ჰქონდათ ეფექტური და ხელმისაწვდომი დაცვის საშუალებები, რათა სადავო გაეხადათ მათი დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერება, რის გამოც მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი.

- პოლიციის განყოფილებებში და ასევე, უცხოელთა დაკავების ცენტრში პატიმრობის პირობები იყო უკიდურესად მძიმე. სასამართლოს განმარტებით, პატიმრობის პირობების არაადეკვატურობა მუდმივ სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ პატიმრობის პირობები უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

- სასამართლომ ასევე, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას მე-3 მუხლთან მიმართებით, რადგან მოცემულ დროს რუსულ სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, რაც მომჩივნებს მისცემდა საშუალებას, გაესაჩივრებინათ არსებული არაადამიანური და დამამცირებელი საპატიმრო პირობები.

- ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოთაშორის საჩივარში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ[2] კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მისი განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს დიდ პალატაში, ამიტომ ევროპულმა სასამართლომ მოცემულ ინდივიდუალურ საქმეში მომჩივანთა ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გადადო.

- გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას მომჩივანთა სასარგებლოდ სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯის 3,037.65 ფუნტი-სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (საჩივარი #16363/07)[3]

საქმეზე საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2007 წელს გაიგზავნა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წლის 4 ოქტომბერს მომჩივნის მეუღლე, თ. ტოგონიძე დააკავეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და სანკტ-პეტერბურგის უცხოელთა დაკავების ცენტრში მოათავსეს, სადაც იგი ღირსების შემლახავ, მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფებოდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა (თ. ტოგონიძე დაავადებული იყო ასთმით), მომჩივნის მეუღლეს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. 2006 წლის 16 ოქტომბერს თ. ტოგონიძე ავტობუსით პეტერბურგიდან მოსკოვის აეროპორტში გადაიყვანეს მისი ქვეყნიდან გამოძევების მიზნით. მგზავრობის დროს, რომელიც დაახლოებით 9 საათი გაგრძელდა, პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსში მყოფ თ. ტოგონიძეს, არ მისცეს ფანჯრის ჩამოწევის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ თ. ტოგონიძე მათ უხსნიდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას უჭირდა სუნთქვა და სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა. თ. ტოგონიძე აეროპორტში ავტობუსიდან გადმოსვლისთანავე, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაეცა და გარდაიცვალა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,

- დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევა და ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად ცნო თ. ტოგონიძის გარდაცვალების გამო.

- სასამართლომ ასევე, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა, რადგან მიიჩნია, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ თ. ტოგონიძის გარდაცვალების ფაქტზე ნაწარმოები გამოძიება არ იყო ეფექტური. რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ოფიციალური ვერსიის თანახმად, თ. ტოგონიძე მეტადონის გადაჭარბებული დოზით მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ამ დასკვნამდე რუსეთის საგამოძიებო ორგანოები მივიდნენ ისე, რომ გამოძიების მიერ არ დადგენილა, მეტადონის რა დოზა მოიხმარა გარდაცვლილმა და შეიძლებოდა თუ არა ეს დოზა ყოფილიყო სასიკვდილო, ასევე, რა პირობებში შეიძინა თ. ტოგონიძემ ნარკოტიკი და როგორ შეძლო მან მისი მოხმარება ავტობუსით მგზავრობისას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა ვერ შეძლეს დამაჯერებელი პასუხების გაცემა. ამავდროულად, სასამართლო მიუთითებს მომჩივნის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლითაც იკვეთება, რომ თ. ტოგონიძის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ფილტვების ანთება გახდა და ამ ფატალური შედეგის აცილება დროული ჰოსპიტალიზაციითა და ანტიბიოტიკების გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება და შედეგი არ იყო დამაჯერებელი.

- ევროპულმა სასამართლომ ასევე, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლის დარღვევას მე-3 მუხლთან მიმართებით, რადგან მომჩივნის მეუღლის დაკავებისა და ტრანსპორტირების პირობები იყო არაადამიანური და დამამცირებელი. ამასთან, მოცემულ დროს რუსულ სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, რაც მომჩივანს მისცემდა საშუალებას, გაესაჩივრებინა არსებული არაადამიანური და დამამცირებელი საპატიმრო პირობები.

- გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ 40 000 ევროს და სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯის 1,944.78 ფუნტი-სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მოითხოვოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოცემული გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.


[1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-169648

[2] https://gyla.ge/ge/post/evropuli-sasamartlos-gadatsyvetileba-saqmeze-saqartvelo-rusetis-tsinaaghmdeg-30

[3] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-169649