ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია

თარიღი: 25 თებ 2020

2020 წლის 24 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დაიბარა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.[1] ის სხდომაზე არ გამოცხადდა.[2]

კონსტიტუციის მიხედვით „მთავრობის წევრი [...] მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს [...] კომიტეტის [...] სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.“[3] პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს უზენაესი კანონის დებულებას და განმარტავს, რომ შესაბამისი პირი კომიტეტის უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაშია ვალდებული დაესწროს კომიტეტის სხდომას.[4] ერთადერთი, როცა შესაძლებელია ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა.[5] მოცემულ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს,[6] თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ.[7] ივანე მაჭავარიანის განცხადებით უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა.[8] ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს.[9] თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება.

საია მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანმა დაარღვია კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება.[10] საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს,[11] რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში , პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად.[12]

ხსენებულ მინისტრთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას, რომ მან 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს,[13] რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მან უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით „პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“[14] ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი.[15] საერთო ჯამში ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო შტოს უგულვებელყოფის გამართლებას უნიადაგო არგუმენტებით ცდილობენ და ამით ხელს უწყობენ პარლამენტის გავლენის შემცირებას პოლიტიკურ პროცესებში.


[1] დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/vs698bh, განახლებულია: 24.02.20.

[2] იქვე.

[3] საქართველოს კონსტიტუცია, 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი.

[5] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი.

[6] ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ინტერპრესნიუსი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/sovdoxm, განახლებულია: 24.02.20.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[11] იქვე.

[12] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

[13] მონაცემები მოპოვებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან, თუმცა შესაძლებელია მცირე ცდომილება.

[14] საქართველოს კონსტიტუცია, 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[15] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი.