1992 წლიდან ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ამ დღის მიზანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ ტიპის პრობლემების მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის გზაზე საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება.
მიმდინარე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიო ერთიანდება თემის გარშემო - „ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის უნივერსალური უფლება.“ მსოფლიოში ყოველი რვა ადამიანი ცხოვრობს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სოციალიზაციასა და მათ საარსებო წყაროებზე. მენტალური ჯანმრთელობის საკითხების უგულვებელყოფა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. საქართველოში ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის კუთხით ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფია. კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.“
ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ზრუნვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. 2022 წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია, სადაც გაიწერა სახელმწიფოს ხედვა და სამომავლო პრიორიტეტები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. სტრატეგიის შინაარსობრივ ნაწილებში გაწერილი პროგრესული საკითხების მიუხედავად, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოცემული (2022) შეფასებით, შეფერხებით მიმდინარეობს მისი და შესაბამისი გეგმის შესრულების პროცესი. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ მხრივ პრობლემებზე მიუთითებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტიც (CRPD) 2023 წლის 24 მარტის დასკვნითი დაკვირვებებიც. კერძოდ, კომიტეტის შეფასებით, კანონმდებლობა და პრაქტიკა, მათ შორის, ისეთ სფეროში, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ნეგატიურ სტერეოტიპებს, მათ შორის, მესამე პირებზე დამოკიდებულების და ავტონომიის ნაკლებობის კუთხით.
სახელმწიფო ხშირად ვერ ასრულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ძალადობისგან დაცვის ვალდებულებას. ამის მკაფიო მაგალითია ის, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალი რიგ შემთხვევაში ცემით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ქიმიური შეზღუდვის დროს ძალის გადამეტებაით ახორციელებს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობას, რაც აბსოლუტურად აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო წყაროებით.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებებისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები ხშირად მოკლებული არიან განათლების, დასაქმების და ჯანდაცვის სერვისებით ჯეროვან სარგებლობას. ამასთან მნიშვნელოვანია ფსიქიკური აშლილობების სხვადსხვა ჯგუფის მქონე პაციენტებს სახელმწიფო სთავაზობდეს შესაბამის, მათ სირთულეებთან გასამკლავებლად, ეფექტიან სერვისებს. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან კომუნიკაციის მქონე პირებს ჰქონდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადსხვა ასპექტების შესახებ ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ბავშვების სოციალური და ემოციური უგულვებელყოფა. ასევე, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროგრამების დანერგვასთან ერთად სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იყოს მენტალური ჯანმრთელობის მქონე დანაშაულის ჩამდენ პირების რეაბილიტაციისკენაც.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW), 2023 წლის 2 მარტს მიღებულ დასკვნით დაკვირვებებში სახელმწიფოს მოუწოდებს:
მიიღოს ზომები ფსიქიკური ჯანმრთელობის მოვლის სერვისების დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად; ასევე, გენდერულად მგრძნობიარე სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. ასევე, კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას თვითმკვლელობის პრევენციის დახმარების ხაზები.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ სახელმწიფოს იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის შექმნას და ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი სერვისები. სტიგმასთან ბრძოლის და საზოგადოებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრულია წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რასთან დაკავშირებითაც, იმედს გამოვთქვამთ, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ამ ამოცანის ასახვა და შემდგომი განხორციელება ჯეროვანი იქნება. თუმცა, აქვე, ხაზგასასმელია, რომ ამ დრომდე უცნობია რა ფორმატით, რა ვადებში და რომელი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მიმდინარეობს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა.