გამჭვირვალობის პრობლემურობა საბჭოში

თარიღი: 18 ივლ 2023

იუსტიციის საბჭოს სხდომების წინა დღეს დანიშვნა, სხდომების თარიღისა და დროის ქაოტური გადადება, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობას და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იუსტიციის საბჭოს ანგარიშვალდებულების არარსებობას და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხს. ამ ხარვეზების კიდევ ერთი დადასტურება იყო 10 ივლისის სხდომა, რომელიც 17 საათზე დაინიშნა და მონიტორინგის განმახორცილებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხსდომის დაწყებას 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში ელოდნენ საბჭოს შენობაში. სხდომის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, არამოსამართლე წევრს, ტრისტან ბენაშვილსაც, რომელიც ასევე შენობაში იმყოფებოდა.

მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ სხდომა 9 საათის შემდეგ ჩატარდა. საბჭოს ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა სხდომის ოქმი, არც გადაწყვეტილება, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო არასამუშაო საათების მიღმა სხდომის ჩატარება, მას შემდგე, რაც მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დატოვეს საბჭოს შენობა.

უკვე წლებია, საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი კანონით დადგენილი სამი დღით ადრე არ ქვეყნდება.[1] დამატებით პრობლემურია, საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის ზოგადი ხასიათი. მაგალითად: „საორგანიზაციო საკითხები“, „მიმდინარე საკითხები“.[2] შეუძლებელია განსახილველი საკითხის შინაარსის გამოცნობა. ზოგადი და ბუნდოვანი საკითხების ფონზე, გადადებული და ღამით ჩატარებული სხდომები კიდევ მეტად ამყარებს ეჭვს, რომ საბჭოს სურს მნიშვნელოვანი საკითხები საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩეს.

ამასთან, თვეებია, ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა საბჭოს სხდომის ოქმები, რისი ვალდებულებაც მას, ასევე, კანონით აქვს. მნიშვნელოვანია, იუსტიციის საბჭომ უზრუნველყოს: სხდომის შესახებ ინფორმაციისა და დღის წესრიგის კანონით დადგენილ ვადაში გამოქვეყნება; სხდომის ოქმების დროულად ატვირთვა ვებგვერდზე; დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და საბჭოს სხდომების და დროის გადადების მანკიერი პრაქტიკის შეცვლა.

მასალა მომზადებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.


[1] ნოზაძე ნ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2023 წელი, გვ. 29 - 32, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/QA5FwMf, განახლებულია: 10.07.2023.

[2] იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 აპრილის, 29 მაისის, 9 ივნისის, 10 ივლისის სხდომის დღის წესრიგები.