20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი 2019 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა. აღნიშნულის შემდგომ, საიას ადვოკატებმა, რომლებიც მაკო გომურის ინტერესებს იცავენ, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. 21 ნოემბერს, პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნეს, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა, შეემოწმებინა და განესაზღვრა საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57.1 (თ) მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და საიას ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომა მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა. გასაცნობად გადმოცემულ მასალებში იყო მხოლოდ მაკოს და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, აქციის სამი მონაწილის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები და გარკვეული ვიდეო მასალები. პროკურატურის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სწორედ ამ ორ ტომში არსებული მასალები იყო შემხებლობაში მაკო გომურის მიერ მიღებულ დაზიანებასთან.
გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად.
საგამოძიებო ორგანოების მიერ გადმოცემული მასალებით დგინდება შემდეგი:
- გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან გამოკითხულნი შსს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი მეთაურები და საპოლიციო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირები და არ მომხდარა ზემოთ მითითებული მტკიცებულებების მოპოვება სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების მიზნით, ან
- მსგავსი სახის მტკიცებულებები მოპოვებულ იქნა, თუმცა, დაზარალებულ მხარეს არ მიეცა ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება.
მიგვაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება. სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება.
მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
- მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად;
- განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა.