გოგა რაზმაძის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება არ დაიწყო

თარიღი: 28 ივლ 2023

2023 წლის 27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის, საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებით, განცხადება განსახილველად იმავე უწყებას გადაეგზავნა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შესაძლო დანაშაულის ჩადენას უკავშირდება გოგა რაზმაძის მიერ წარდგენილი განცხადება.

2023 წლის 12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - შსს) მოქმედი თანამშრომელია და იკავებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

მიუხედავად იმისა, რომ გოგა რაზმაძის საჯარო პოსტში დასახელებული ზოგიერთი ფაქტი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაც იმთავითვე იყო გამოძიების დაწყების წინაპირობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საკუთარი ინიციატივით რეაგირება არ განუხორციელებია. მიმდინარე წლის 14 ივლისს, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა გამოძიების დაწყება 2023 წლის 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (შემდგომში - განცხადება).

განცხადებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში პირადი გასაუბრების დროს, რომელიც უწყვეტად 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა, მას შეუქმნა მტრული და დამთრგუნველი გარემო, რომელიც, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი იყო. განცხადების თანახმად, დავით მინდიაშვილს შეხვედრის პირველივე წუთიდან ჰქონდა დამამცირებელი დამოკიდებულება. გასაუბრების დასრულებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, გოგა რაზმაძემ დავით მინდიაშვილს განუმარტა, რომ ამგვარ გარემოში საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა და სურდა გასაუბრების შეწყვეტა, რაზეც დავით მინდიაშვილის პასუხი იყო ის, რომ ვერსად წავიდოდა, რადგან მოცემულ მომენტში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული პირი დაჟინებით ითხოვდა, გოგა რაზმაძეს დაეწერა ახსნა-განმარტება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. დავით მინდიაშვილმა მუქარა გაიმეორა რამდენჯერმე. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მხრიდან განხორციელებულმა დამამცირებელმა მოპყრობამ, პატივისა და ღირსების შელახვამ და იძულებამ, გოგა რაზმაძეს მიაყენა ფსიქოლოგიური და მორალური ტკივილი.

გოგა რაზმაძის განცხადებაში არსებული ინფორმაცია მიუთითებდა იმ დანაშაულის ნიშნების არსებობაზე, რომელზეც “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 11 ა) ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება.

ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გოგა რაზმაძე შემდგომი გასაუბრების მიზნით დაიბარა საგამოძიებო სამსახურში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“. მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყებამდე, წლებია, გასაუბრებას, როგორც საპროცესო მოქმედებას, არ ითვალისწინებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გოგა რაზმაძემ უარი განაცხადა გამოძიების დაწყებამდე გასაუბრებისას დამატებით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე და მიუთითა, რომ განცხადებაში სრულად აღქმადი იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რაც უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების წინაპირობა. ამავდროულად, გოგა რაზმაძემ მკაფიოდ განაცხადა თანხმობა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნია, რომ განცხადება არ შეიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განხილვას დაქვემდებარებული დანაშაულის ნიშნებს და განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზე ითხოვდა გამოძიების დაწყებას გოგა რაზმაძე. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ერთ-ერთი საჭიროება სწორედ ის იყო, რომ უწყების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები სწორედ დამოუკიდებელ უწყებას გამოეძიებინა. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ამგვარ უგულვებელყოფის და მოქმედი მანკიერ პრაქტიკის გაგრძელებას ვაწყდებით იმ უწყების გადაწყვეტილებაში, რომელიც მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნა და რომლის ყველა გადაწყვეტილებაშიც უნდა იგრძნობოდეს უწყების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შესწავლის მაღალი სტანდარტი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ასეთი მიდგომა გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს ცალსახად ეწინააღმდეგება, და, მეტიც, აზიანებს სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას. ამას ემატება ისიც, რომ გოგა რაზმაძის საჯარო პოსტიდან მალევე, ყოველგვარი შესწავლის გარეშე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გოგა რაზმაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უწოდა „სრული ტყუილი და აბსურდი“.[1]

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, იმოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგა რაზმაძის განცხადების საფუძველზე და სრულყოფილად გამოიძიოს განცხადებაში მითითებული ფაქტები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატში გოგა რაზმაძეს უფლებებს საია იცავს.


[1] “სრული ტყუილი და აბსურდი” – მინისტრის მოადგილე შსს-ს ინსპექტორის განცხადებაზე, ნეტგაზტის ვებგვერდი, 12.07.2023, ხელმისაწვდომია:https://netgazeti.ge/news/679656/ , განახლებულია: 28.07.2023.