ჩვენ შესახებ
„გურიის სამოქალაქო ცენტრი” 2019 წლიდან საქმიანობს. ორგანიზაციის მისიაა გურიის რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებითა და მმართველობით პროცესებში ჩართულობის გაზრდით.
გურიის სამოქალაქო ცენტრის გუნდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
· მოქალაქეთა ინფორმირება;
· საჭიროებათა კვლევა;
· ინტერესთა დაცვის კამპანიების წარმოება და სახელმწიფო უწყებების მონიტორინგი.
გარემოს დაცვა
„გურიის სამოქალაქო ცენტრი" გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ კვლევით საქმიანობას ეწევა. ჩვენი გუნდის წევრებმა განახორციელეს კვლევები გურიის რეგიონში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შესწავლის მიზნით. ანგარიში „ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკა გურიის რეგიონში” ასახავს გურიის მდინარეებიდან ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების კუთხით არსებულ მდგომარეობას. კვლევის ფარგლებში: განხორციელდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გურიის რეგიონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებაზე კონტროლის სიხშირისა და ეფექტიანობის მონიტორინგი; ჩატარდა შეხვედრები სამიზნე სოფლების მოსახლეობასთან, დამუშავდა გურიის რეგიონის მდინარეებზე გაცემული წიაღის მოპოვების სალიცენზიო დოკუმენტაცია; მიმდინარეობდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების მონიტორინგი მდინარე სუფსასა და მდინარე ნატანებზე, შვიდ სამიზნე სოფელში. საველე მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა და შეჩერდა წიაღის ორი უკანონო მოპოვება, ხოლო ერთი გასაჩივრდა სასამართლოში.
ანგარიშში გამოკვეთილია როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე პრაქტიკაში არსებული „ხვრელები", რაც წიაღის მომპოვებელ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გარემოსდაცვითი რეგულაციების გვერდის ავლით მოიპოვონ ქვიშა-ხრეში, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები სათანადო ეფექტიანობით ვერ ახორციელებენ კანონისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას. კვლევა „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მონიტორინგი გურიის რეგიონში“ განხორციელდა 2021 წელს. გურიის რეგიონის მაგალითზე შევისწავლეთ სახელმწიფოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა; წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ჰაერის პოტენციურად დამაბინძურებელი ქარხნის მშენებლობა და სხვ. ჩატარდა სამიზნე სოფლების მოსახლეობის გამოკითხვა მათი ინფორმირების და ჩართულობის შესაფასებლად. შედეგად, დოკუმენტირებულია არსებული ხარვეზები და მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
ადვოკატირება საჯარო სივრცეებისთვის
ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საჯარო და სარეკრეაციო სივრცეების დაცვისთვის ბრძოლაა. 2020 წელს გამოვაქვეყნეთ „ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში“. მასში აღწერილია ქალაქ ოზურგეთში არსებული პარკები, სკვერები და ბაღები, იდენტიფიცირებულია მათი სამართლებრივი სტატუსი და მესაკუთრეები, აღწერილი და დასურათებულია ფიზიკური მდგომარეობა. შეფასებულია მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა სარეკრეაციო სივრცეებზე, რისთვისაც გაიზომა ფეხით სავალი მანძილები ყველა დასახლებიდან უახლოეს პარკამდე/სკვერამდე. დადგინდა მოქალაქეთა საჭიროებები და პრიორიტეტები პარკებთან მიმართებით.
ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმით ცდილობდა, დღის წესრიგში შეეტანა სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაციის, ასევე სამართლებრივი დაცვის მოთხოვნები. გურიის სამოქალაქო ცენტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიმართა შემდეგი ინიციატივებით:
· აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია ოზურგეთში
· სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია ოზურგეთში
· ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ოზურგეთში
· მცირე მდინარეების გაცოცხლების ინიციატივა ოზურგეთში
· გენერალური გეგმის შემუშავების მოთხოვნა ოზურგეთში
· მინისტადიონის რეაბილიტაცია ჩოხატაურში
ამ ინიციატივების განხორციელების მიზნით ორგანიზაცია მიმართავდა ადვოკატირების სხვადასხვა ხერხს. ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მოთხოვნით „გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პეტიციის ფორმით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ასევე პეტიცია გამოიყენა ორგანიზაციამ ქალაქ ოზურგეთისთვის გენერალური გეგმის შემუშავების მოთხოვნის წარსადგენად. შედეგად, პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი განხილვის ეტაპზეა.
ადვოკატირება საჯარო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად
2021 წლიდან გურიის სამოქალაქო ცენტრი ცდილობს, დღის წესრიგში დააყენოს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების საკითხი. ამ მიზნით, მოვამზადეთ ვიდეორგოლების სერია ტრანსპორტის მოლოდინში, რომელშიც ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მცხოვრებნი საუბრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასათანადო ხელმისაწვდომობასა და მოუხერხებელ გრაფიკზე, ზოგჯერ კი - მის საერთოდ არარსებობაზე.
ამჟამად ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „მუნიციპალური ტრანსპორტის საზოგადოებრივი მონიტორინგი“, რომელიც გულისხმობს ამ კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის“ საქმიანობაზე დაკვირვებას, შეისწავლის ტრანსპორტის მიმართულებით საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად ხარჯვის საკითხს, ხოლო მოსახლეობის რეგულარული გამოკითხვის მეშვეობით - მოქალაქეების საჭიროებებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია ასევე სხვადასხვა დროს დღის წესრიგში აყენებდა და მუნიციპალიტეტისგან ითხოვდა ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა:
· წყალმომარაგება;
· წყალარინება და კანალიზაცია,;
· შენობების და საჯარო სივრცეების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
· ნარჩენების მართვა.
გენდერული თანასწორობა
გურიის სამოქალაქო ცენტრის გუნდი გენდერული თანასწორობის მიმართულებით 2023 წლიდან მუშაობს. ჩვენი მიდგომაა, არაფორმალური სასწავლო შეხვედრების მეშვეობით, ქალთა ცნობიერების ამაღლება, მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კავშირების/ქსელების ჩამოყალიბება. სასწავლო შეხვედრებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დასაქმებულ, თვითდასაქმებულ, შინ მშრომელ და სამუშაოს მაძიებელ ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებებისა და ღირსეული შრომის პირობების შესახებ. ორგანიზაცია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა
გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გზებსა და საშუალებებზე, ასევე, ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგი
გურიის სამოქალაქო ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგი. ვინტერესდებით და ვიკვლევთ: როგორ ერთვებიან მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში? როგორ მიიღება გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტში? რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები? რამდენად ანგარიშვალდებულნი არიან საჯარო პირები მოქალაქეების წინაშე?
ანგარიშში „ურბანული გადაწყვეტილებების მონიტორინგი ქალაქ ოზურგეთში“ ასახულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული ან განხილვის ეტაპზე არსებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ქალაქ ოზურგეთის ურბანულ განვითარებაზე. მოქალაქეებთან ერთად, შევიტანეთ განცხადებები მუნიციპალურ ორგანოებში კონკრეტული ურბანული პრობლემის გადასაწყვეტად.
ჩვენი გუნდი ახორციელებს პროექტს - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი“. ოზურგეთისა და ჩოხატაურის 14 სამიზნე სოფელში დავესწარით სოფლის კრებას, განვახორციელეთ „live ტრანსლაცია” და გავუწიეთ მონიტორინგი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ჩავატარეთ სასწავლო შეხვედრები მოქალაქეებისთვის მათი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ სოფლის კრებაში მონაწილეობის კუთხით.
პროექტის „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“ ფარგლებში 12 სოფელში დავაორგანიზეთ საკრებულოს საჯარო მოსმენები, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის თვითმმართველობის საბიუჯეტო და მონიტორინგის საკითხებზე საჯარო შეხვედრები და ტრენინგები.
წინასაარჩევნო საგნობრივი დისკუსიების ხელშეწყობა
გურიის სამოქალაქო ცენტრის გუნდი ცდილობს წინასაარჩევნო პროცესში საგნობრივი დისკუსიების ხელშეწყობას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან დაწყებული, თითქმის ყოველწლიურად ვატარებთ მოქალაქეთა საჭიროებათა
კვლევებს. ხოლო ამ კვლევების შედეგად გამოკვეთილი მწვავე საკითხების პრიორიტეტიზაციას ვახდენთ საჯარო კენჭისყრების გამოყენებით.
წინასაარჩევნო პერიოდში კვლევების შედეგად გამოკვეთილი საკითხების გადაჭრის გზების შესახებ თავიანთი ხედვის წარმოდგენას ვთხოვთ საარჩევნო სუბიექტებს/კანდიდატებს. მათ მოსაზრებებს კი ვასაჯაროებთ ჩვენი ორგანიზაციის სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების გამოყენებით.
გარდა ამისა, ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამისი ცოდნით და უნარებით გავაძლიეროთ.
მიუსაფარი ძაღლები
მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე გურიაში ზემოთ დასახელებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენი ორგანიზაციის გუნდი ამ თემაზე 2021 წლიდან მუშაობს. ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, არაერთხელ შევხვდით საკითხის ექსპერტებს. შევისწავლეთ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული პრაქტიკა მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის კუთხით. შევხვდით 600-ზე მეტ ადამიანს მთელი გურიის მასშტაბით და ვესაუბრეთ მათ ძაღლის მოვლის, ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციების აუცილებლობის შესახებ. მოვამზადეთ მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის.
მოქალაქეთა ინფორმირების კამპანიები
ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ორი საინფორმაციო კამპანია: მედიაკამპანია გურიის რეგიონში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის და „ვგულშემატკივრობთ საქართველოს“.
„ვგულშემატკივრობთ საქართველოს" პროექტის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტული ღონისძიებების ჩვენებით. პროექტი ითვალისწინებდა საჯარო ღონისძიებების მოწყობას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებების ოფიციალური მატჩების ღია ტრანსლაციების ჩვენებას და საზოგადოებისთვის ევროკავშირის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ინოვაციური გზებით.
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ რეგიონების განვითარებაში. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან საველე მუშაობის პირობებში, შესაძლებლობა აქვთ, დააიდენტიფიცირონ მათი რეალური საჭიროებები და მაღალი ჩართულობით იზრუნონ ამ პრობლემების გადაჭრაზე.
ავტორი: ნათია ვაშალომიძე
ბლოგი მომზადდა ნათია ვაშალომიძის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.
ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.