ინციდენტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში

თარიღი: 27 სექტ 2016

19 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება 19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით, რომელთაგან 2 წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეოგადაღება, იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები გამოიძახეს და პოლიციამ ვითარება ადგილზე შეისწავლა.

იმავე დღეს, აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - სევდია უგრეხელიძემ უპასუხა და კობახიძის განცხადება ცრუ ბრალდებად შეაფასა. სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები შტაბიდან დათხოვნილ წევრებს წარმოადგენდნენ და ქმედების ჩადენის დროისთვის მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდათ.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების, - 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ საჯარო განცხადებაც გაავრცელა. აგრეთვე, განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.