ითხვისში მანგანუმის მოპოვებას ადგილობრივთა სახლები ეწირება

თარიღი: 31 მარ 2022

ფოტო: რადიო თავისუფლება

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჭიათურის სოფელ ითხვისში თავი იჩინა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ახალმა შემთხვევებმა. წინასწარი ინფორმაციით აღდგენასა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება უკვე 12 საცხოვრებელი სახლი და დაზარალებულია 11 ოჯახი, რომელთაგან 7, ჭიათურის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებლით უზრუნველყოფას საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების გამომწვევი მიზეზების გეოლოგიური კვლევა და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შემდგომი ღონისძიებები კვლევის მიგნებებზე იქნება დამოკიდებული. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, მომპოვებელი კომპანიის პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა მიყენებული ზიანის შესწავლასა და მათი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკიდურესად უთანასწორო გარემოში ითხოვს. რადგან ჭიათურაში მსგავსი კვლევები აქამდე არაერთხელ გამხდარა უთანხმოების საგანი, მნიშვნელოვანია ის დამოუკიდებელმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებმა ჩაატარონ, ხოლო პროცესზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, გაიზიარონ.

ჭიათურის სხვადასხვა სოფლებში უკვე წლებია მსგავსი პროცესი ვითარდება, თუმცა არცერთ ასეთ შემთხვევას სისტემური ცვლილება არ მოჰყოლია. 2020 და 2021 წლების განმავლობაში სოფელი შუქრუთის მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებდა, მათ შორის შიმშილობის ფორმით. ხანგრძლივ და მწვავე პროტესტს, მაღაროელებთან და სხვებთან ერთად, მაშინ შეურთდა სოფელ ითხვისის მოსახლეობაც, რადგან იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჭიათურაში ქონების დაზიანება და საცხოვრებელი გარემოს ხელყოფა არა რომელიმე სოფლის ცალკეული პრობლემა, არამედ საზიარო, სისტემური საფრთხეა.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობს განსახლებისა და კომპენსაციის სტანდარტი, რომელიც საფრთხისშემცველ ზონაში მაცხოვრებლებს გამოავლენდა, მომპოვებელ კომპანიას მათი სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილებას მოსთხოვდა, ხოლო დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების სამართლიან წესს დაადგენდა. ამ ინსტრუმენტების არარსებობის პირობებში „ჯორჯიან მანგანეზი” პირდაპირი და ხშირად არაფორმალური მოლაპარაკების გზით ცდილობს ცალკეული ოჯახების დაკმაყოფილებას. ამ პროცესში ის ხშირად უარყოფს ყველანაირ პასუხისმგებლობას, ხოლო ზიანს წარსულ მოპოვებას ან ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესებს უკავშირებს. სახელმწიფო უწყებებისა და სამართლებრივი ბერკეტების გარეშე დარჩენილი მაცხოვრებლები იძულებულნი ხდებიან უსამართლო, მწირ კომპენსაციას დათანხმდნენ, ხოლო პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

ჭიათურაში მოპოვების ზონისა და საცხოვრებელი გარემოს განცალკევება წლების მანძილზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების, დამაზიანებელი პრაქტიკებისა და სხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. „ჯორჯიან მანგანეზი” და მისი ქვე-კონტრაქტორები მანგანუმს მოიპოვებენ საძოვრებსა და გზებზე, სოფლების ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ და უშუალოდ სახლების ეზოებშიც კი. ძველი და ახალი, მიტოვებული და განახლებული მაღაროები და ღია კარიერები მოწყობილია დასახლებული ტერიტორიის ქვეშ და მათ მომიჯნავედ.

საცხოვრებლისა და მოპოვების ზონის ასეთი განლაგება ქმნის უკიდურესად სახიფათო მდგომარეობას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე მათი ქონებისთვის. ვინაიდან „ჯორჯიან მანგანეზი” როგორც წესი უარს აცხადებს მოპოვების რუკების გაზიარებაზე, ხოლო სახელმწიფო მისი და მისი ქვე-კონტრაქტორების საქმიანობის ქმედით ზედამხედველობას წლებია არ აწარმოებს, ჭიათურის სოფლები მუდმივი საფრთხისა და შიშის პირობებში ცხოვრობენ. მიუხედავად ცხადი, მწვავე და აშკარა პრობლემებისა, „ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურის მერია და სხვა სახელმწიფო უწყებები, საუკეთესო შემთხვევაში, პოსტ-ფაქტუმ რეაგირებენ, სისტემურ პრობლემებზე კი არასდროს საუბრობენ.

მანგანუმის მომპოვებლებს პასუხისმგებლობის არიდებას უადვილებს უკიდურესად ბუნდოვანი სამართლებრივი მოწესრიგებაც. „ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმს თითქმის სრულად ქვე-კონტრაქტორების, ე.წ. „კოოპერატორების” გავლით მოიპოვებს, ხოლო უშუალოდ კომპანიას სპეციალური სახელმწიფო მმართველი მართავს. ასეთ პირობებში კომპანია ფაქტობრივად გასულია სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებიდან, ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს დროებით საკუთარი ხარჯით აბინავებს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება და გარემოსდაცვითი უწყებები პროცესში არ ერთვებიან.

სრულყოფილ და ობიექტურ შესწავლამდე, ითხვისში დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა დაუშვან მოპოვებითი სამუშაოების წარმოება სოფლის ტერიტორიაზე და მის მახლობლად. ითხვისის მოსახლეობისთვის ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას და სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების ობიექტური შესწავლა და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამასთან, ჭიათურაში მოპოვების სათანადო რეგულირებისთვის საჭიროა განსახლებისა და კომპენსირების სამართლიანი სტანდარტის დაწესება.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

- მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ითხვისის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ „ჯორჯიან მანგანეზის” ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები; მიმდინარე მოპოვების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩეროს „ჯორჯიან მანგანეზის” და/ან მისი ქვე-კონტრაქტორების საქმიანობა სოფლის ტერიტორიაზე და მის მახლობლად.

- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისწავლოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ადამიანების სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე;

- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეაფასოს მაღაროს მდგომარეობა მომავალში საფრთხის თავიდან არიდების მიზნით;

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების და ჯანდაცვისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა დაიწყონ კოორდინირებული მუშაობა განსახლების ღირსეული და საერთო სტანდარტის შემუშავებისთვის.

- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმაშეასრულოს კანონით გათვალისწინებული, დროული და ქმედითი საზედამხედველო ფუნქცია.

ხელმომწერები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მწვანე ალტერნატივა