იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 ანგარიში

თარიღი: 28 ივნ 2022

2022 წლის 28 ივნისს საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 (2021 წლის) ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს და მიზნად ისახავს, გამოავლინოს საბჭოს მუშაობის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები და ამგვარად ხელი შეუწყოს ამ უწყების ეფექტიანობის, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის გაზრდას.

საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან, ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს კანონში წლის ბოლოს ნაჩქარევად შესული ცვლილება, რომლითაც ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად არჩევის აკრძალვა გაუქმდა. 2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე, 10-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. არამოსამართლე წევრების შესარჩევად პარლამენტს კონკურსიც კი არ გამოუცხადებია. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში.

პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხიც - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესში დასაბუთების მექანიზმის ჩადებამ, ღია კენჭისყრამ, გამჭვირვალობის გაზრდამ და გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენამ საბჭოს ხელი ვერ შეუშალა, კანდიდატები ლოიალობის ნიშნით შეერჩია. „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს. თავმჯდომარეთა ქაოსური, ბუნდოვანი დანიშვნის პრაქტიკა 2021 წელსაც გაგრძელდა.

ასევე, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2021 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს. ამ ფონზე დეკემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა დისციპლინური სამართალწარმოების ვადები გაანახევრა, ასევე შეამცირა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი. ცვლილებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, სისტემაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, თუმცა, საია-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

იხილეთ ანგარიში

ანგარიში მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის

„Monitoring of the Judiciary” ფარგლებში. მასში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ

ემთხვეოდეს საელჩოს პოზიციას.