კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

თარიღი: 28 თებ 2024

2024 წლის 13 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. საჩივარი, რომელიც 2023 წლის 14 სექტემბერს გაიგზავნა, ეხება პოლიციელთა მხრიდან სამოქალაქო აქტივისტ, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავებასა და კარვის მეშვეობით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვა საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს და არა მხოლოდ ზურაბ ქარჩავას, არამედ სხვა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მსურველი პირებისთვისაც ქმნის მსუსხავ ეფექტს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მხრიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მიღება საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადაში მოხდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხსენებული საჩივრის გაგზავნა წინ უსწრებდა მმართველი პარტიის დეპუტატთა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კარვის ან/სხვა ინსტალაციის მეშვეობით პროტესტის დე-ფაქტო გაუქმებას ისახავდა მიზნად.

სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი შეკითხვებით მიმართა:

- წინამდებარე საქმის გარემოებები (პროტესტის შეწყვეტის ბრძანება, მომჩივნის პოლიციის განყოფილებაში მიყვანა, მისი დაკავება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევად ცნობა), ცალ-ცალკე ან კუმულატიურად, წარმოადგენს თუ არა ჩარევას მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეშ, მათ შორის, ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლების კუთხით?

- პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ასეთი ჩარევა კანონით განსაზღვრული, მისდევდა, თუ არალეგიტიმურ მიზანს და იყო, თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“?

- იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების მიერ ჩარევის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები „რელევანტური და საკმარისი“? გამოიყენა თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა კონვენციის მე-10 მუხლში მოცემულ პრინციპებს, საჭიროების შემთხვევაში, მე-11 მუხლის გათვალისწინებით?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს წერილობითი პოზიციის წარდგენისთვის ვადა 2024 წლის 7 მაისამდე განუსაზღვრა.


ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა