ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

თარიღი: 24 მარ 2023

სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიგვაჩნია, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, მიზნად ისახავს ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე იყო და დღემდე აქტიურად მუშაობს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

22 მარტს, “ხალხის ძალის” წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტარიელ ნაკაიძეს ასე მიმართა: “20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი”. სუბარის თანამოაზრემ და რუსული კანონის კიდევ ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძე კი თავს დაესხა დეპუტატს და ზურგში მიკროფონი ჩაარტყა. ამას მოჰყვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ტარიელ ნაკაიძეს “მძიმე რეპუტაცია”აქვს.

ტარიელ ნაკაიძე, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისგან განსხვავებით, პარლამენტის ტრიბუნას ხშირად იყენებს ადამიანის უფლებების დასაცავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების გამოწვევებზე სასაუბროდ. უმცირესობების უფლებები არის იმ ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომელიც სიღრმისეულადაა დაცული ევროკავშირში და ჩვენი ტრადიციის ორგანული ნაწილია.

ხელისუფლების მიერ წარმოებული სიძულვილის ენა და საზოგადოების გახლეჩაზე ორიენტირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებას, შეუქცევადად აღრმავებს პოლიტიკურ ველზე არსებულ პოლარიზებას და აზიანებს მრავალფეროვან და პლურალისტურ გარემოს.

ამ განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ტარიელ ნაკაიძეს და მოვუწოდებთ უმრავლესობის წევრებს, შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველ ადამიანებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები.



სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოლიდარობის პლატფორმა

პანკისის სათემო ორგანიზაცია

პლატფორმა სალამი

მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო

Სოლიდარობის მეზუემი

სოლიდარობის თემი

იორმუღანლოს სათემო ცენტრი

ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

თბილისი პრაიდი

საფარი

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG

ქვიარ ასოციაცია - თემიდა

თანასწორობის მოძრაობა

უფლებები საქართველო

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მწვანე ალტერნატივა

მწვანეები

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR

რაჭის სათემო ორგანიზაცია

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)