კომიტეტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვნა

თარიღი: 4 აგვ 2020

კომიტეტი უფლებამოსილია, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთაგან გამოითხოვოს ინფორმაცია.[1] 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვრამდე 9 კომიტეტმა,[2] ჯამში, 48-ჯერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.[3] 6 მათგანი, ამ მხრივ, პასიური იყო.

არსებული წესის მიხედვით, შესაბამის სუბიექტს კომიტეტი განუსაზღვრავს დოკუმენტების მიწოდების ვადას.[4] 5-მა კომიტეტმა მხოლოდ 8-ჯერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.[5] ისინი ადრესატებმა 4 შემთხვევაში დაიცვეს, ხოლო 1 წერილზე პასუხი საერთდ არ მოსულა.[6] ვადაგანუსაზღვრელი მოთხოვნა 40-ჯერ გაიგზავნა, პასუხი კი 34 მათგანს გაეცა, 8 ერთი კვირის ვადაში მოვიდა,[7] 1-დან 2 კვირამდე დასჭირდა - 7-ს,[8] 2 კვირიდან 1 თვემდე - 15-ს,[9] 1 თვეზე მეტი - 4-ს.[10] 6 შემთხვევაში კი კომიტეტებს პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.[11]

ჯამურად, მიღებულია 41 პასუხი, ხოლო 7 მოთხოვნა პასუხგაუცემელია.[12] 37 პასუხი მიღებულია წერილობით, ხოლო 4 - ზეპირად,[13] მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის ეს მექანიზმი პასუხის წერილობით ფორმას გულისხმობს,[14] ზეპირი მოსმენა კი სხვა საპარლამენტო კონტროლის სხვა ინსტიტუტის ნაწილია.[15] რა თქმა უნდა, განხილვის პროცესში შესაძლებელია მოდიფიცირება და, წერილობითი პასუხის ნაცვლად, ზეპირი მოსმენის გამართვა, მაგრამ ამის შესახებ კომიტეტმა სპეციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ამ შემთხვევაში, დაიბაროს თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე. ამდენად, რეგლამენტთან ჰარმონიაში უნდა მოვიდეს წერილობით მოთხოვნილი პასუხის ზეპირად მოსმენის პრაქტიკა. თუ კომიტეტს ანგარიშვალდებული პირის დაბარება სურს, მან შესაბამის მექანიზმს უნდა მიმართოს.

როგორც გამოჩნდა, კომიტეტები ყურადღებას არ ამახვილებენ ვადის დაწესებაზე (მათ ეს მხოლოდ 16,32% შემთხვევაში გააკეთეს), რაც ადრესატის ანგარიშვალდებულებას ამცირებს. უპრიანია, რეგლამენტმა დაადგინოს ერთიანი ვადა, ხოლო კომიტეტს, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოდიფიცირების საშუალება მისცეს. ვინაიდან ეს ინსტიტუტი პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებიდან საზრდოობს, რეკომენდირებულია, მასზე პირდაპირ გავრცელდეს იდენტური პროცედურები (კითხვის შემთხვევაში, პასუხის გაცემის ვადაა 15 დღე, რომელიც, ავტორის თანხმობით, შეიძლება კიდევ 10 დღით გაიზარდოს).[16]

ყურადღება უნდა გამახვილდეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პრაქტიკაზე, რომელიც სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობას - „თანამდებობის პირების ანგარიშების მოსმენას“ - ანგარიშვალდებული პირისგან ინფორმაციის გამოთხოვნის პროცედურასთან აიგივებს.[17] ერთი შეხედვით, შინაარსობრივად, ეს მართლაც არის ინფორმაციის მიღება, თუმცა, როგორც პროცედურულად, ისე მიზნებით, ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთისგან განსხვავდება.[18]

ზემოთ აღნიშნული აცდენების შემცირებისთვის, აუცილებელია, კომიტეტებმა ზუსტად მისდიონ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს.

გიორგი ალავერდაშვილი

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.


[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლი.

[2] იხ. ცხრილი.

[3] საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საიას მიაწოდა არა მხოლოდ რეგლამენტის 41-ე, არამედ 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გამოთხოვნილი ინფორმაციაც, თუმცა ეს მონაცემი წინამდებარე დოკუმენტში არ ასახულა. ეს უკანასკნელი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შემდეგ მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, კომიტეტს მიაწოდოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი შენიშვნები. ეს ნორმა კომიტეტს ინფორმაციის გამოთხოვნის უფლებას არ აძლევს, ამიტომ გაუგებარია კომიტეტის მიერ მისი ამ მიზნით გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლი.

[5] იხ. ცხრილი.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] იქვე.

[11] იქვე.

[12] იქვე.

[13] იქვე.

[14] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლი.

[15] იქვე, მე-40 მუხლი.

[16] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[17] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის #1-20623/19 და 2020 წლის 18 თებერვლის #1-1815/20 წერილები.

[18] ზემოაღნიშნული მიზეზის გამო ეს მონაცემი საიას საერთო სტატისტიკაში არ აუსახავს.