კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების რეგულირებას ცდილობს და კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სცდება

თარიღი: 8 დეკ 2020

7 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება და მაუწყებლებს მოუწოდა, ეთერში არ განათავსონ უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. მიგვაჩნია, რომ კომისია მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარველს ამოფარებული, ცდილობს მაუწყებლების რეგულირებას, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით არ გააჩნია.

კომისია განცხადებაში აღნიშნავს, რომ უხამსობის შემცველ პროგრამაზე შესაძლებელია სასამართლოს კონტროლის განხორციელება და რადგანაც მისი გადაწყვეტილება გადის სასამართლოს კონტროლს, მას ასევე აქვს ასეთი პროგრამის შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილება. კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებიდან, რომლითაც დაიშვა სასამართლოს კონტროლი უხამსობის შემცველ პროგრამაზე.

საქმე ისაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი არ უშვებდა უხამსობის შემცველი, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამის განთავსებისას კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას და ეს საკითხი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში წყდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონით დადგენილი ეს შეზღუდვა სასამართლოსთან მიმართებით, რადგანაც ეს ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი, ხოლო კომისიის უფლებამოსილებასთან მიმართებით მას არც კი უმსჯელია.

ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო ვერც იმსჯელებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვის აკრძალვის კონსტიტუციურობაზე, ვინაიდან დავის საგანი იყო კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი) დაცული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია იმ სასამართლო ორგანოებისათვის მიმართვის გზით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო საერთო იურისდიქციის მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები."[1]

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადამიანებს უფლება აქვთ საერთო ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ უხამსობის შემცველი პროგრამები. ვინაიდან კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ იცავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.

კანონი დღესაც გამორიცხავს საჩივრების საფუძველზე კომისიის მხრიდან ამ საკითხის განხილვას და უშვებს მხოლოდ სასამართლოს ზედამხედველობას.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შესაბამისი კანონით განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ჩამოთვლის კომისიის უფლებამოსილებებს მაუწყებლობის სფეროში, სადაც არ ვხვდებით კომისიის უფლებას, საჩივრის საფუძველზე განიხილოს და შეაფასოს უხამსობის შემცველი კონტენტი. მეტიც, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ გამორიცხავს მის ამგვარ უფლებამოსილებას და ზედამხედველობის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ საერთო სასამართლოებს უტოვებს. შესაბამისად, კომისიის ამგვარი უფლებამოსილება არ გამომდინარეობს არც კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, პირიქით, ეწინააღმდეგება მათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აეკრძალა, პარლამენტის გვერდის ავლით, შეურაცხმყოფელი მასალის რეგულირების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის დაბლოკვა არის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. ამგვარი რეგულაციის მიღების უფლებამოსილება აქვს პარლამენტს და არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გათვალისწინებით. ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაცია და იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინფორმაციის/აზრის გავრცელების შეზღუდვა არის კონსტიტუციურად გამართლებული, კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი სხვა ორგანოს შემოთავაზებული სტანდარტები თავისთავად არაავტორიტეტულია.[2] ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმ შემთხვევაში აქვს სამაუწყებლო მედიაში უხამსობის ან შეურაცხყოფის აღკვეთის ვალდებულება, როცა მას ამ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პარლამენტი, კანონით უხამსობის ცნების დეტალური რეგულაციის შემდეგ. ამგვარი საკანონმდებლო მანდატის გარეშე, დაირღვევა კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას უკრძალავს.

საყურადღებოა ისიც, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონის ამგვარ განმარტებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 11 წლის შემდეგ აკეთებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ კომისიას ნამდვილად გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება, რატომ არ იყენებდა ის მას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უხამსობისგან პირთა ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა კანონმდებლის მოვალეობაა, ხოლო მასზე ზედამხედველობის უფლება აქვს სასამართლოს და არა კომისიას. შესაბამისად, პირთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომისიას, აღარ გააკეთოს კანონის საწინააღმდეგო განმარტებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არ გასცდეს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.


[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის N1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწვეტილება საქმეზე: "ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ", II, 41.