7-8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მესტიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ტრენინგებს ატარებს.
ტრენინგების მიზანია საკრებულოებისა და მათი კომისიების მიერ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებით პოლიტიკის განხორციელების პროცესის მონიტორინგის გაუმჯობესება. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ მესტიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციის წევრები და აპარატის თანამშრომლები. მონაწილეებმა ტრენინგით გათვალისწინებულ თემაზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს:
„საკრებულოს წევრებს პოლიტიკის დაგეგმვის ტრენინგი აძლევს მუნიციპალიტეტში შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტების სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობას.“- მაია გაწერელია, ზუგდიდის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
„მუნიციპალიტეტში შექმნილი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის სწორად გააზრებას და შეფასებას მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს საკრებულოს წევრებისთვის მსგავსი ტრენინგები. რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მართვის პროცესის ხარისხსს გააუმჯობესებს და მოაწესრიგებს.“ - როდამ გვარმიანი, მესტიის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
საია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს საკრებულოების საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესების შესახებ. პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების განმტკიცება, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და აღმასრულებელ ორგანოზე საკრებულოს ზედამხედველობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ინტერესების უკეთ გათვალისწინებას, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში.
პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოების არსებული სამართლებრივი ბაზისა და პრაქტიკის ანალიზი საზედამხედველო ფუნქციების გამართულობის შესახებ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები საკრებულოების რეგლამენტებისა და კომისიების დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამასთანავე, პარტნიორი მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის, საიამ ექვსივე მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ზუგდიდი, ლენტეხი, მესტია, ოზურგეთი და ჩოხატაური) ჩაატარა ტრენინგი საზედამხედველო ინსტრუმენტების და მათი ეფექტიანი გამოყენების შესახებ.
საია, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს პოლიტიკის დაგეგმვის, შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგებს მუნიციპალიტეტებში. მსგავსი ტრენინგები ასევე დაგეგმილია ბათუმის, ლენტეხის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომლებისთვის.