მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა

თარიღი: 20 მარ 2022

2022 წლის 15 მარტს მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.[1] დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.[2]

კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.[3] თუმცა, ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქვე ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ.[4] თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, და რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.[5]

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები.[6] Პრეზიდენტს კი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, ორგანულ კანონში ის უფლებამოსილების შესახებ დავაში მოპასუხედ მისი თანხმობის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა. შემოთავაზებული კანონპროექტი ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად დამატებით აქცევს ქვეყნის პირველი პირის მოქმედებას თუ უმოქმედობას. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ უშუალოდ წამოიწყოს დავა რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს.

ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე და მმართველი პარტიის ხელში არსებული ბერკეტით - კანონში ცვლილების შეტანის მეშვეობით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევაზე.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება. ორგანიზაცია აგრეთვე მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება.


[1] „მმართველი გუნდის ინიციატივით საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2022 წლის 19 მარტი, ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3IjLFHS, განახლებულია: 20.03.2022.

[2] იქვე.

[3] „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" Facebook-ის გვერდი, 2022 წლის 15 მარტი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial, განახლებულია: 20.03.2022.

[4] „კახა კალაძე - არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც, არანაირ დასჯაზე არაა საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ“, პირველი არხი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3toG2E3, განახლებულია: 20.03.2022.

[5] იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება „ქართული ოცნების განცხადება ემსახურება სალომე ზურაბიშვილის დასჯას მისი პოზიციონირების გამო, რაც აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს“, 2022 წლის 15 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3KWcJi7, განახლებულია: 20.03.2022.

[6] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი.