მოსამართლის უკონკურსოდ გადაყვანა/დაწინაურება

თარიღი: 27 ივლ 2022

მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნას და დაწინაურებას ორგანულ კანონში სხვადასხვა მუხლი არეგულირებს. ჩანაწერი ზოგადი და ბუნდოვანია და მოსამართლეების გადანიშვნა/დაწინაურება მთლიანად იუსტიციის საბჭოზეა მინდობილი. საბჭოზე, რომელიც მუდმივი კრიტიკის საგანია და კლანის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

კონკურსის გარეშე გადანიშვნის პრაქტიკა წლების განმავლობაში კრიტიკას იმსახურებდა.[1] „მესამე ტალღით“ დაკონკრეტდა, რომ მოსამართლის გადანიშვნა მხოლოდ იმავე ან ზემდგომ ინსტანციაში იყო შესაძლებელი.[2] ზემდგომ ინსტანციაში გადასაყვანად მოსამართლეს დაწინაურებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს უნდა დაეკმაყოფილებინა. კანონში ასეთ კრიტერიუმად მოსამართლის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ჩაიწერა, დანარჩენი იუსტიციის საბჭოს უნდა დაედგინა.[3] საბჭომ, თავის მხრივ, ჩამოწერა, რომ „შეიძლება დაწინაურდეს მხოლოდ ის მოსამართლე, რომელიც კომპეტენციით, გამოცდილებით, საქმიანი და მორალური რეპუტაციით შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას“.[4] ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, მოსამართლეების დანიშვნა/დაწინაურებისთვის შეიმუშაონ ობიექტური კრიტერიუმები რომ შერჩევა და კარიერული წინსვლა ემყარებოდეს დამსახურებას კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, შესაძლებლობების/ცოდნისა და ეფექტიანობის ნიშნით.[5]

იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემური იყო როგორც კანონმდებლობა, ასევე საბჭოს მიერ გადაყვანების პრაქტიკა, მნიშვნელოვანი იყო პროცედურისა და კრიტერიუმების კანონით მოწესრიგება. კრიტერიუმებს, მოსამართლის სხვა სასამართლოში გადანიშვნისას, ნათლად უნდა წარმოეჩინა კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლიანობა. ვინაიდან, პროცედურების დაცვის გარეშე და პირადი რეკომენდაციების საფუძველზე გადანიშვნისას იქმნება ფავორიტიზმის და ნეპოტიზმის საფრთხე, რაშიც საბჭო ნამდვილად შემჩნეულია.

„გადაყვანების“ პრაქტიკა

2012 და მომდევნო წლებში მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის რიცხვმა მოიმატა, რამაც გარკვეულწილად ჩაანაცვლა 2012 წლამდე არსებული მივლინების მექანიზმი, რომელიც ურჩი მოსამართლეების დასჯის მეთოდად გამოიყენებოდა.[6] 2016 წელს კონკურსის გარეშე გადაყვანის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, 2017 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხია საკუთარი ინიციატივით, ოჯახური პირობების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში გადანიშნა საბჭომ. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა საბჭომ. გაუგებარი დარჩა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასამართლოდან მოსამართლის გადაყვანა. მომდევნო წლებში ეს ნორმა კვლავ გააქტიურდა.

2019 წელს საკითხი 7-ჯერ დადგა დღის წესრიგში. საერთო ჯამში, 101 ვაკანსიაზე 46 მოსამართლე გადაინიშნა, მათგან 19 დაწინაურდა.[7]

2020 წელს 6-ჯერ. 22 მოსამართლე გადაინიშნა. მათგან 2 დაწინაურდა.[8]

2021 წელსაც 6-ჯერ. 7 მოსამართლე გადაინიშნა. მათგან 6 დაწინაურდა.[9]

როგორ მიმდინარეობს „გადაყვანები“?

გადანიშვნის პროცესი არ არის გამჭვირვალე. საბჭო არ აქვეყნებს ინფორმაციას პროცესის დაწყების, მონაწილეთა რაოდენობისა და ვინაობის შესახებ. ინფორმაცია მხოლოდ გასაუბრების დღეს, სხდომაზე ხდება ხელმისაწვდომი. გასაუბრებები უმეტესად 5-10 წუთი გრძელდება და, მეტწილად, მოტივაციისა და დატვირთულობის შესახებ კითხვებს მოიცავს.[10] გასაუბრება და კენჭისყრა, ძირითადად, ერთსა და იმავე დღეს ტარდება. გამჭვირვალობა იმ შემთხვევაში როცა კრიტერიუმები ბუნდოვანია საზოგადოებას მისცემდა შესაძლებლობას, შეეფასებინა კონკრეტული მოსამართლეების გადაადგილების მიზანშეწონილობა მაინც.

საბჭო გადაყვანებს ძირითადად მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის საფუძვლით აინიცირებს. როდესაც სასამართლო სისტემა განიცდის მოსამართლეთა ნაკლებობას და როტაცია არაფერს ცვლის, კონკურსის გარეშე გადაყვანის მრავალგზის ინიცირება ეჭვებს აჩენს გავლენიანი ჯგუფის მიერ გარკვეულ სტრატეგიულ სვლებზე, რომ მნიშვნელოვან სასამართლოებში მისდამი ერთგული კადრები გადანიშნოს, მაგალითად, გოჩა ჯეირანაშვილი, საბჭომ 2021 წლის აგვისტოში ახალციხის რაიონული სასამართლოდან დააწინაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ჯეირანაშვილი, 2018-2020 წლებში უკვე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, რომელიც აპელაციიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში პირადი განცხადებით, ასევე, კონკურსის გარეშე გადაიყვანა საბჭომ. ამავე სცენარს მიყვებოდა, ვასილ მშვენიერაძის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პირადი განცხადების საფუძველზე გადანიშვნა, რამდენიმე თვეში კი, პირველ ინსტანციაში დაბრუნება.

კონკურსის გარეშე გადაყვანები ზოგიერთ შემთხვევებში ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული მოსამართლის დაწინაურება სისტემის გავლენიანი პირებისთვის გაწეული სამსახურის დაფასებაა. მაგალითად, მას შემდეგ რაც 2021 წლის ოქტომბერში თეა ლეონიძემ (ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ და თავმჯდომარემ, ასევე საბჭოს წევრმა) ვადაზე ადრე შეიწყვიტა უფლებამოსილება და პაატა სილაგაძე აირჩიეს მის ნაცვლად, საბჭომ იგი ბოლნისის რაიონული სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააწინაურა.

საბჭოს, გამჭვირვალე პროცედურა და დახვეწილი კრიტერიუმებიც ვერ უშლის ხელს სისტემის ლოიალურად განწყობილი პირებით დაკომპლექტებაში. ის, მით უფრო სათავისოდ იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს, რომლებიც საბჭოს კიდევ უფრო უფართოებს მოქმედების არეალს. გადანიშვნა/დაწინაურების გაუმჭვირვალე პროცედურები და ბუნდოვანი კრიტერიუმები კი პირდაპირ მის წისქვილზე ასხამს წყალს და მოსამართლეებს საბჭოს კეთილი ნების იმედად ტოვებს. საკითხის მრავალგზის ინიცირება, ერთგვარად ქაოტური გადანიშვნები, სისტემის კონტროლის კიდევ ერთი ბერკეტია საბჭოს ხელში.

ნინო ნოზაძე საიას ანალიტიკოსი


[1] ნოზაძე ნ; შერმადინი ო; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №7, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, თბილისი, 2019 წელი, გვ. 23-24, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2zqPX2X , განახლებულია: 10.07.2022.

[2] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლი.

[3] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლი.

[4] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მე-131 მუხლის მე-11 პუნქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2WmWN0S , განახლებულია: 12.07.2022.

[5] სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის სტანდარტების შესახებ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) დასკვნა #1, პარაგ. 24,25, სტრასბურგი, 2001 წლის 23 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2QNdzGh , განახლებულია: 14.07.2022.

[6] გვარამაძე თ.მეზვრიშვილი ქ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს #2 ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა

იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2014 წელი, გვ 19, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

ვებგვერდი,ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3o7MtI1, განახლებულია: 12.07.2022.

[7] ნოზაძე ნ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №8, საქართველოს ახალგაზრდა

იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2020 წელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qTcutK , განახლებულია: 11.07.2022.

[8] ნოზაძე ნ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2021 წელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია, განახლებულია:11.07.2022.

[9] ნოზაძე ნ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №10, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2022 წელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3aAM4ed , განახლებულია: 12.07.2022

[10] ნოზაძე ნ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №10, გვ,18-19.