პანდემია და მშრომელთა საერთაშორისო დღე

თარიღი: 1 მაის 2021

საქართველოში, პირველ მაისს მშრომელთა ერთი ნაწილი უსამსახუროდ, მეორე ნაწილი კი საფრთხისშემცველ სამუშაო პირობებში ხვდება. მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური კრიზისი იგრძნობა ყველგან სასოფლო-სამეურნეო რეგიონებიდან დიდ ქალაქებამდე, ტურისტული ზონებიდან წარმოების კერებამდე. მათთვის, ვინც პანდემიის შედეგად სამუშაო ან შემოსავალი დაკარგა უცნობია, როდის გაჩნდება დასაქმების ახალი შესაძლებლობები, ხოლო ისინი, ვისაც შრომა პანდემიის განმავლობაშიც არ შეუწყვეტია, ყოველდღიურად აწყდებიან მათი უფლებების უხეშ დარღვევებს, ჯანმრთელობის დაზიანების მზარდ და უკონტროლო რისკს. მშრომელთათვის, ვისთვისაც გამოსავლად ვერც პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნება ჩაითვლება, მომავალი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.

ამ ეტაპისთვის პანდემიის შედეგად დამდგარი ეკონომიკური ზარალის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ისევე როგორც დაკარგული სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის სრულად აღრიცხვა, თუმცა არსებული კვლევებითა და პროგნოზებით დასტურდება, რომ COVID 19-ის პანდემია მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. დაკარგული სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის სრულყოფილად აღრიცხვა შეუძლებელია იმიტომაც, რომ პანდემიამ ხელშესახებად დააზარალა არამხოლოდ ფორმალურ ეკონომიკაში სტაბილურად დასაქმებულთა ნაწილი, არამედ არაფორმალურად დასაქმებულებიც, მათ შორის, გარემოვაჭრეები, საშინაო მშრომელები და მრავალი სხვა. არაფორმალური სექტორი, რომელიც დიდწილად შეუსწავლელი რჩება, როგორც წესი, უაღრესად მგრძნობიარეა ეკონომიკური რყევების მიმართ, რადგან ის შიდა მოთხოვნაზეა დამოკიდებული, ხოლო მშრომელთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მწირი დამცავი მექანიზმები არაფორმალურად დასაქმებულებზე საერთოდ არ ვრცელდება. საჭირო დოკუმენტაციის არქონის, ბუნდოვანი კრიტერიუმების ან შესაბამის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო, არაფორმალურად დასაქმებულების ნაწილს 2020 წელს ანტიკრიზისულ დახმარებაზეც შეეზღუდა წვდომა.

COVID 19-ის პანდემიამ განსხვავებული ზეგავლენა იქონია როგორც სხვადასხვა ტიპის შრომაზე, ისე მშრომელთა განსხვავებულ ჯგუფებზე, რომელთა ნაწილიც პანდემიის შედეგად განსაკუთრებით მძიმესოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საშინაო შრომის უთანასწორო გადანაწილების დაზრუნვისა და არაფორმალურ სექტორებში არაპროპორციული გენდერული წარმომადგენლობის გამო, COVID 19-ის პანდემიამ, “საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა.”[1] მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მომუშავე სტუდენტი-მშრომელებიც, რომელთა დიდმა ნაწილმაც შემოსავალი სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა, სწავლის საფასური კი არ შეცვლილა. შედეგად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ 2020 წელს 70,000-ს გადააჭარბა.[2]

გასული წელი უმუშევრობის წელი აღმოჩნდა მომსახურებისა და ტურიზმის სექტორებში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობისთვის, სახელოვნებო და კულტურის ინდუსტრიების მშრომელთათვის. კონსერვატიული გათვლებითაც კი სავარაუდოა, რომ სამსახური დაკარგა 200,000-ზე მეტმა ადამიანმა.

ამასთან, პანდემიას მრავალხრივი და მძიმე გავლენა ჰქონდა იმ დასაქმებულთა ყოველდღიურობასა დაუფლებრივ მდგომარეობაზე, ვინც შრომა მაღალი რისკის ფონზე, გართულებულ პირობებში განაგრძო. ექთნები და ექიმები - თუ მთლიანად სამედიცინო სფეროში დასაქმებულები - ახალი ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ უკიდურესად დაბალი ანაზღაურების და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. სამკერვალო ფაბრიკები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან პროდუქტს, პირბადეს აწარმოებდნენ, თავად გახდნენ ინფიცირების კერები. ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში COVID 19-ით დაინფიცირდა 116 თანამშრომელი. 2020 წლის შემოდგომაზე მზარდი ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მეტროს თანამშრომელთა შორისაც. მათ შორის COVID-19 დაუდასტურდა მემანქანეთა უმრავლესობას და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევაც.

სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო, სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად შეიცვალა სოციალური მუშაკებისა და მასწავლებლებისთვის. ფიზიკური ვიზიტების განხორციელების გარეშე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დასაქმებული და სხვა სოცმუშაკები ვეღარ ახერხებდნენ ბენეფიციარებთან უშუალო, პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, რაც მათი მოვალეობის შესრულებას ართულებდა. სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლამ არსებითად შეცვალა სწავლების პროცესი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც, ვისაც ახალი უნარების შეთვისება და ახალი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება მოუწიათ.

ეკონომიკური შეზღუდვებისგან განთავისუფლებულ ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია, თავი იჩინა შრომის უფლებების კიდევ უფრო მძიმე დარღვევებმა და გაუარესდა ისედაც საფრთხისშემცველი სამუშაო გარემო. ტყიბულის ქვანახშირის შახტში, სადაც სოციალურიდისტანცირების საშუალებას სამუშაო სპეციფიკა ხშირად არ იძლევა, COVID-19 დაუდასტურდა 140-ზე მეტ მეშახტეს. პანდემიის განმავლობაში საკვანძო, ჩაუნაცვლებელ სამუშაოს ასრულებდნენ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტები და კურიერები, ვინც ადამიანებს რეკომენდაციებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე უადვილებდნენ.

პანდემიურ ვითარებაში გახშირდა სამსახურიდან დაუსაბუთებელი განთავისუფლების, უკანონოდ შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულებების, არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის, ან სამუშაოზე გამოცხადების იძულების შემთხვევები. განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ზეგანაკვეთური შრომის სათანადოდ ანაზღაურება, დისტანციური შრომის რეგულირება და შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობების დამსაქმებლების მხრიდან ცალმხრივად შეცვლის პრევენცია.

პანდემიურ ვითარებაში განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა მშრომელთა დაცვის ფუნდამენტური ინსტრუმენტების არარსებობა. ეფექტური მინიმალური ხელფასის რეგულირების გარეშე, უთანასწოროდა დაბალი სახელფასო სტრუქტურის პირობებში - როდესაც საქართველოში 300,000-ზე მეტი დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება - მშრომელები უკიდურესად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ პანდემიის შედეგად სამსახურის დაკარგვასთან ან/და შემოსავლის შემცირებასთან გასამკლავებლად. ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის არ არსებობის გამო, მშრომელები სამსახურის დაკარგვისთანავე უშემოსავლოდ დარჩენის საფრთხის წინაშეაღმოჩნდნენ.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დასაქმების პოლიტიკის გადააზრებაც. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მშრომელთა შრომის ბაზარზე დასაბრუნებლად არა ერთ ქვეყანაში ინტენსიურად გამოიყენება შრომის ბაზრისაქტიური და პასიური ინსტრუმენტები, საქართველოში კრიზისის დასაძლევად მსგავსი პროგრამების განხორციელება არ იგეგმება, ხოლო ანტიკრიზისული პოლიტიკა, დიდწილად, კვლავ სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციას ეყრდნობა, ხოლო შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარების გზად შრომით მიგრაციას ხედავს.

საია-ს კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მიერ სამუშაო ადგილისა და შემოსავლის დაკარგვამ საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულებაც. საბანკო და წესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე პანდემიამდე იხდიდნენ. უმუშევრად დარჩენილი მსესხებლების ნაწილი იძულებით აღსრულებას ექვემდებარება და ხშირია შემთხვევებიც, როცა ოჯახები უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან.

პანდემიამ ცხადყო, რომ პრობლემები, რომლებსაც მშრომელები სამუშაო ადგილზე და მის მიღმა აწყდებიან საერთოა არა მხოლოდ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებისთვის, არამედ გლობალურად- სხვადასხვა ქვეყნის მშრომელებისთვისაც. თბილისში, მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერების მოთხოვნები ემთხვევა ამავე პროფესიის მშრომელების საპროტესტო მოწოდებებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვან პრეცენდენტს ქმნის ახალი ტიპის პლატფორმული მშრომელების თვითორგანიზებისთვის. ამავდროულად, გარემოვაჭრეთა აქციები, რომლებიც პანდემიური შეზღუდვებისგამო გაჩენილ ახალ საჭიროებებს ეხებოდა, არაფორმალური სექტორის თვითორგანიზების გამორჩეულმაგალითს ქმნის.

2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა შრომის კოდექსის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი, რაც ნიშნავს, იმას რომ ინსპექციას უკვე შეუძლია რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ, ზოგადად, შრომითი უფლებების დარღვევაზე, გამკაცრდა ანტიდისკრიმინაციული რეგულირება, მოწესრიგდა შესვენებისა და დასვენების დრო და სხვ. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი პროექტი უფრო სიღრმისეულ ცვლილებებს შეიცავდა, თუმცა, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე პროცესისა და მსხვილი ბიზნესის აქტიური ლობირების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი საკანონმდებლო ცვლილებების მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, სათანადო აღსრულების პირობებში, შეცვლილი შრომის კანონმდებლობა შესაძლოა, მშრომელთა ყოველდღიურობის ხელშესახები გაუმჯობესების წინაპირობად იქცეს და შექმნას შესაძლებლობა მომავალი ცვლილებებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების აღსრულება შრომისინსპექციას დაევალა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს შრომის ინსპექცია, რომელიც ისედაც განიცდიდა რესურსების ნაკლებობას, ეფექტურად მუშაობას გაფართოებული მანდატის ფარგლებში. როგორც შრომის რეფორმის წარმატება, ისე, ზოგადად, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მდგრადობა, დიდწილად დამოკიდებული იქნება თავად ინსპექციის უნარზე, ეფექტურად აღასრულოს ახალი მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილებები და ხელშესახებად გააუმჯობესოს მშრომელთა სამუშაო პირობები.

1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. COVID 19-ის პანდემიის შედეგად დამდგარი მრავალმხრივი და საყოველთაო კრიზისი იმის დასტურია, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად, სამართლიან და უსაფრთხო ყოველდღიურობას მშრომელთათვისდა მათი ოჯახებისთვის. კრიზისი ადასტურებს ფუნდამენტური ცვლილებების და მათთვის ბრძოლის აუცილებლობასაც.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

· სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

· ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ ;

· ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო;

· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

· სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

· თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;


[1] COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა. გარეოს ქალთა ორგანიზაცია. 17.06.2020

[2] საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია, 1 ნოემბერი, 2020.