პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

თარიღი: 17 მაის 2023

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT) აღინიშნება. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!’ ეხმაურება ამ დღეს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოებას შეახსენოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს ქვეყანაში.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

სამწუხაროდ, ლგბტქი+ თემს დღემდე არ აქვს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წლის პრაიდის კვირეული, მართალია, უფრო უსაფრთხო გარემოში და ნაკლები დაბრკოლების გარეშე გაიმართა, მაგრამ ეს შედარებითი წარმატება არ ასახავს ლგბტქი+ თემის უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებულ სურათს და, მეტწილად, უკავშირდება ზემოაღნიშნული კვირეულის დახურულ სივრცეში გამართვას. კერძოდ, „თბილისი პრაიდმა“ შეგნებულად აირჩია დახურული ფორმატი საჯარო სივრცის ნაცვლად, კონკრეტულად კი, მიუთითა 2021 წლის მძიმე გამოცდილებასა და ხელისუფლების არასათანადო რეაქციაზე და განაცხადა, რომ „წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება“. „თბილისი პრაიდის“ პოზიციიდან იკითხება, რომ თემის წევრებს არ აქვთ ხელისუფლების მხრიდან საჯარო სივრცეში მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ დაცვის მოლოდინი. ანალოგიურად, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, „ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების გამო, ლგბტ+ შეკრების თავისუფლების რეალიზაციისთვის საჯარო სივრცე არ დარჩათ“.[1] სამწუხაროდ, ლგბტქი+ თემის მიერ შეკრების თავისულფების სრულყოფილად რეალიზებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პოზიციაც, რომელიც არაერთხელ შეეწინააღმდეგა პრაიდის გამართვას. სამწუხაროდ, სასულიერო პირებს მონაწილეობა მიუღიათ წარსულში პრაიდის წინააღმდეგ გამართულ ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციებში. შესაბამისად, ლგბტქი+ თემისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ხელშეშლის გარეშე სარგებლობა კვლავ მიუღწეველ მიზანს წარმოადგენს.

ლგბტქი+ თემის საჭიროებების უგულებელყოფა

2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგიის მესამე პრიორიტეტი არის „თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე“. ამ პრიორიტეტის ფარგლებში ცალკე ქვეთავები ეძღვნება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებებს, მაგრამ ამ ჯგუფებს შორის არ არის ლგბტქი+ თემი. ამასთანავე, ლგბტქი+ თემი არათუ არ არის ცალკე გამოყოფილი ზემოაღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში, არამედ საერთოდ არ არის ნახსენები სტრატეგიაში. არასამთავრობო (სათემო) ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს სტრატეგიაში ლგბტქი+ თემის უგულებელყოფა და უარყოფითად შეაფასეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მათი ჩართულობის არასათანადოდ უზრუნველყოფა მთავრობის მხრიდან. სტრატეგიის შემუშავების ასეთი მიდგომა და თავად სტრატეგიაში ლგბტქი+ თემის (საჭიროებების) გაქრობა მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომ არ სურს პოლიტიკის დონეზე აღიაროს ლგბტქი+ თემის თანასწორუფლებიანობა და რეალურად იზრუნოს თემის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაზე.

სიძულვილის დანაშაულები

დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, თანასწორუფლებიანობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანია სიძულვილის დანაშაულების როგორც პრევენცია, ასევე, მათზე სათანადოდ რეაგირება დროული აღკვეთის, ეფექტიანი გამოძიებისა და ყველა პასუხისმგებელი პირის სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფით. ამ მხრივ, რეალური წინსვლა, სამწუხაროდ, წელსაც არ ყოფილა. კერძოდ, დღემდე არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე.[2] 5 ივლისის მასშტაბური, ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა მსგავსი დანაშაულის გამეორების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება 2022 წლის პრაიდის კვირეულს, სიძულვილის ჯგუფები კვლავ გააქტიურდნენ და ღიად იმუქრებოდნენ[3] მათი ინტენსიური და რეალური მუქარებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია დროული რეაგირება და გამოძიება მხოლოდ 2022 წლის 2 ივლისს პრაიდის ფესტივალის მიმდებარედ პოლიციასა და სიძულვილის ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო.[4]

ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა ღონისძიება იდენტობის ჯგუფის საქმეებისაღსასრულებლად, რასაც საერთაშორისო დონეზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს. კომიტეტი წლებია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციური თუ პრაქტიკულ დონეზე არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს, კერძოდ კი აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სიძულვილის დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება ამ დანაშაულთა ორგანიზატორებისა და წამქეზებლების გამოვლენითა და დასჯით.

ჰომოფობიური რიტორიკა

2022 წელს, სამწუხაროდ, გაგრძელდა ხელისუფლების წარმომადგენლების ჰომოფობიური რიტორიკა. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისათვის სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 22 ივნისს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ვინ იყო ამისი ორგანიზატორი, კარგად ვიცით – "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია“. გარდა ამისა, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჰომოფობიური ტერმინი „ლგბტ პროპაგანდა“ გამოიყენა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. იგივე ტერმინის გამოყენებით ჰომოფობიის წახალისებას მამუკა მდინარაძემაც შეუწყო ხელი, როდესაც განაცხადა: „დიახ, ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი არაჯანსაღი პროპაგანდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდა.“ მსგავსი ჰომოფობიური განცხადებები პოპულისტური ხასიათისაა, აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს, ხელს უშლის თანასწორუფლებიანი, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას და ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდებას ხელისუფლებისადმი, რომ წარმოაჩინოს მტკიცე პოლიტიკური ნება ლგბტქი+ თემის მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის გამოხატვით უმაღლეს დონეზე. ამასთანავე, ჰომოფობიური რიტორიკა არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოპოვების ერთ-ერთ წინაპირობას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყანაში ლგბტქი+ თემის უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულად საჭიროებს გაუმჯობესებას. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ლგბტქი+ თემის წევრებს საქართველოში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
უფლებები საქართველო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებების ცენტრი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)

თბილისი პრაიდი


[1] საქართველოს სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის სპეციალური ანგარიში, გვ. 21.

[2] საქართველოს სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის სპეციალური ანგარიში, გვ. 28.

[3] იქვე, გვ. 21.

[4] იქვე.