პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს

თარიღი: 18 მაის 2022

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და სხვა პირთა შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და, მიგვაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავს. გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის გამოკითხული შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა. დანაშაულის მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გამოძიების მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელი რჩება.

როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველ აგვისტოს „მთავარი არხის“ ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. მასალაში ნახსენები იყო გიორგი ონიანის, გურამ იმნაძეს და გიორგი მშვენიერაძეს შორის 2020 წლის 16 ივნისს შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცის დეტალები. სამივე მათგანმა აღნიშნული კომუნიკაციის შინარსის ნამდვილობა დაადასტურა. 2021 წლის 01 აგვისტოს საჯაროდ ასევე ხელმისაწვდომი გახდა “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის შინაარსიც, რომელიც 2020 წელს შედგა და მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

2021 წლის 13 სექტემბერს მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. საუბარია დაახლოებით 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების,დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა დაადასტურეს: ქეთი ნადიბაიძე, მარტა ქურასბედიანი, ნანა ბრეგვაძე, ნოდარ რუხაძე, თამარ არველაძე, მარიამ გეგუჩაძე, თინა ბოკუჩავა, მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, ნატალია ყაჭიაშვილი, ქეთი ჩუთლაშვილი, თამთა მიქელაძე, გიორგი მამალაძე, ნატა ფერაძე, ეკა კვესიტაძე, თამთა დოლენჯაშვილი, თამარ ჩიხლაძე, ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია, გელა ბოჩიკაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიორგი დარჩაშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი, ხატია შამანაური, სოფიკო მაისურაძე, დავით ჯანდიერი.

აღნიშნულ საქმეებზე, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 (“ა” ქვეპუნქტი) ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, ძირითადად, გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობით ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობას ნებისმიერი მესამე პირისაგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პრივატული სფეროს, პირადი სივრცის ხელშეუხებლობისათვის. უკანონო ფარული მიყურადება/თვალთვალი არის, არამხოლოდ, შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების დარღვევა, არამედ იგი მნიშვნელოვნად ლახავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ფარული მიყურადება არის ჩარევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლებაში.[1] როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, როდესაც ადგილობრივ დონეზე არ არსებობს საიდუმლო თვალთვალის/მიყურადების ზომების ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობა, საზოგადოების ფართო ეჭვი და წუხილი მასზედ, რომ საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილება ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული, ვერ იქნება უსაფუძვლო.[2] ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის პრაქტიკული ეფექტიანობის მნიშვნელობას კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან კავშირში.[3]სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედება/ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნულ წესებს, არღვევს ევროპულ კონვენციას. უფრო კონკრეტულად, კი, კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს, როგორც ნეგატიურ, ასევე, პოზიტიურ ვალდებულებებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმართვას გულისხმობს. ამასთან, გავრცელებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დანაშაული, თავისი მასშტაბის, ინტენსივობისა და ხასიათის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ჩადენილია სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელთა მიერ. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება სახელმწიფოს ვალდებულება, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. განსაკუთრებით იმ საჩივრებზე, რომლებიც მასობრივ ფარულ მიყურადებას/თვალთვალს ეხება, ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დამატებით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და საგამოძიებო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას ემსახურება. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი მსხვერპლთა ინდივიდუალურ შემთხვევებს იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია უფლების დაცვის ევროპულ სისტემაში.

ხაზგასასმელია, რომ, სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების/თვალთვალის ადრესტებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა/ორგანიზაციებმა არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას ეფექტიანი გამოძიებისა და ბენეფიციარებისათვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა განცხადებები ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. დაზარალებულად ცნობაზე სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებს სასამართლოც. რიგ შემთხევებში, ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლები, მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას საერთოდ არ გამოუკითხავს და მათ მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, უცნობია. ასევე, უცნობია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა გამოკითხვის, შესაბამისი ექსპერტიზებისა და სხვა, დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯისთვის საჭირო, მოქმედებების ჩატარების თაობაზე. ეს ინფორმაცია არ აქვთ არც მსხვერპლებს და არც საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საიდუმლო თვალთვალის ობიექტთა პირადი კომუნიკაცია და პერსონალური მონაცემები გახდა საჯარო, რამაც პრაქტიკულად მოსმენას/თვალთვალს დაქვემდებარებულ ან შესაძლოდ დაქვემდებარებულ პირებს, შესაძლებლობა მისცა, გაეგოთ საკუთარ უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ. საგამოძიებო პროცესში დაზარალებულის სათანადო ჩართულობა გამოძიების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით მნიშნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად კი, პირი საპროცესო უფლებაუნარიანობას მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოიპოვებს.შესაბამისად, საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და სამართლის აღსრულების მიზნებისთვის, საჭიროა, მსხვერპლებმა, რომლებიც დაექვემდებარნენ უკანონო ფარულ მიყურადებას/თვალთვალს, მიიღონ დაზარალებულის სტატუსი, რათა აღიჭურვონ სისხლის სამართლის საპროცესო უფლებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ვერ იქნება სათანადო მოცულობით საგამოძიებო პროცესში ჩართული, რითაც მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ლეგიტიმური ინტერესები.

ამრიგად, სავარაუდოდ უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაზარალებულების არასათანადო ჩართულობა, ინფორმაციული ვაკუუმი, პროკურატურის მხრიდან რიგ შემთხვევაში მსხვერპლთა გამოკითხვის უგულვებელყოფა და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი არ ამოძრავებს. გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

1. გამოკითხოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დანაშაულის ფარგლებში უფლების დარღვევის საჩივრით/განცხადებით მიმართა;

2. დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ყველა მსხვერპლს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციის ფარგლებში ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა;

3. ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, გამოკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ვისაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სავარაუდო სისტემურ დანაშულთან;

4. მსხვერპლებს/დაზარალებულებს და საზოგადოებას მიაწოდოს სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს დემორატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაომბუდსმენი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი


[1] იხ. მაგალითად, ვებერი და სარავია გერმანიის წინააღმდეგ (Weber and Saravia v. Germany), no. 54934/00, 29/06/2006, § 77.

[2] კენედი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Kennedy v. the United Kingdom), no. 26839/05, 18/05/2010, §124.

[3] იხ. მაგალითად, რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Roman Zakharov v. Russia) [GC], no. 47143/06, ECHR 2015, § 295; კლასი გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), Series A no. 28, 06/09/1978, §68; მენტესი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Menteş and Others v. Turkey), no. 58/1996/677/867, 1997, § 89.