„ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგებას - რას ემსახურება საკრებულოს მაჟორიტარი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების ახალი წესი

თარიღი: 11 მაის 2022

მიმდინარე წლის 4 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა,[1] რომლის მიხედვითაც, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობა აღარ იქნება საჭირო. ინიციატორები ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ასაბუთებენ იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილების დაწყებაც დაკავშირებულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებასთან, და მათი მიზანია, „აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ერთიანი მიდგომისა და სტანდარტის დამკვიდრება“.[2]

მიუხედავად იმისა, რომ განმარტებითი ბარათი ამაზე არ საუბრობს, წარმოდგენილი ინიციატივა, რეალურად, პირდაპირ ეხმიანება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს;[3] იმის გამო, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან და მისი გახსნის კვორუმი ვერ იქმნება,[4] „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს თავისი მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობას, რის შემდეგაც ეს პარტია საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებდა და თანამდებობის პირების არჩევასაც შეძლებდა. ამგვარი სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 3 ივნისს ბათუმის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.[5] აქედან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ორგანული კანონების შეცვლის გზით, გვერდი აუაროს ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის აუცილებლობას და მხოლოდ მაჟორიტარ წევრთან მიმართებით დაადგინოს სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების ახალი წესი.

წარმოდგენილი ინიციატივა მმართველი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი მცდელობაა, კანონმდებლობა საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგოს.

ინიციატორთა ცალმხრივ და სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს აგრეთვე შემდეგი გარემოება: როგორც ცნობილია, ბათუმის მსგავსი კრიზისი სენაკის საკრებულოშიც არსებობს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში და ის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას, დაიმატოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 1 წევრი, რის შემდეგაც აქაც შესაძლებელი გახდებოდა თანამდებობის პირების არჩევა და საკრებულოს ფუნქციონირების დაწყება. იმის გამო, რომ სენაკის საკრებულოში ოპოზიციას აქვს რეალური შესაძლებლობა, პროპორციული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თავიანთი კანდიდატი აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცალსახად იკვეთება კანონპროექტთა ავტორების მიზანი, თუ რატომ არ ავრცელებენ ახალ წესს პროპორციული წესით არჩეულ წევრებზე.

გარდა ამისა, ინიციატორების მიერ შემოთავაზებული დიფერენციაცია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით არჩეულ საკრებულოს წევრებთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულ მიდგომას ამკვიდრებს კანონმდებლობაში. სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების კონტექსტში ორი საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრების გამიჯვნის საჭიროება. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის მიზანია, ამომრჩევლის ნება გარდაისახოს მანდატში. კენჭისყრის დღეს მოსახლეობა თავის არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონისთვის (მაჟორიტარი) ხმის მიცემისას, არამედ ის თანხმობას აცხადებს, საკრებულოს დეპუტატი გახდეს მისთვის სასურველი პარტიის სიაში მითითებული პირიც. შესაბამისად, ამომრჩევლის ნების რეალიზაციის დაწყების მომენტის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავება. ამის საპირისპიროდ, წარმოდგენილი ცვლილება გაუმართლებლად ახდენს ამომრჩევლის ნების მანდატში გარდასახვის პროცედურის დიფერენცირებას სხვადასხვა სისტემით არჩეულ დეპუტატებთან მიმართებით.

წარმოდგენილი ცვლილებების აუცილებლობა არც განმარტებითი ბარათით დასტურდება. დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატები მაჟორიტარი წევრის არჩევას და უფლებამოსილების დაწყებას უკავშირებენ (ადარებენ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილების დაწყებას. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევის წესის ერთმანეთთან შედარება, ისევე როგორც მათ შორის პარალელის გავლება, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურობას და სამართლებრივ არგუმენტაციას. ამგვარი მიდგომა საფუძველს დაუდებს არასწორ და საშიშ საკანონმდებლო პრეცედენტებს კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტების წესის მხრივ. არჩევნების შედეგის დადგენის მიღმა, ცესკოსთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების აღიარების კომპეტენციის გადაცემა კი ადგილობრივი დემოკრატიის შემზღუდველ, მიუღებელ სტანდარტს დაამკვიდრებს.

თუკი ეს ცვლილებები რეალურად, ამომრჩევლის ნების სადეპუტატო მანდატში გარდასახვას და კრიზისის გადალახვას დაისახავდა მიზნად, კანონით დასაშვები იქნებოდა ისეთი საგამონაკლისო, დროებითი ანტიკრიზისული მექანიზმის შემოღება, რომელიც ყოველგვარ დისკრიმინაციულ მიდგომებს გამორიცხავდა და თანაბრად გაავრცელებდა როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებზე. მათი მანდატი კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნებასთან, რომელიც თანაბარმნიშვნელოვანია ორივე საარჩევნო სისტემით ხმის მიცემისას.

საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით.


[1] საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველო ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველო ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“, N07-3/207/10, 04.05.2022, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/24129, განახლებულია: 11.05.2022.

[2] იქვე, ორგანული კანონების პროექტების განმარტებითი ბარათი.

[3] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა, ანუ 18 წევრი, დამოუკიდებლად ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. კერძოდ, შუალედურ არჩევნებამდე, „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში 16 წევრი იყო, დანარჩენ პარტიებს ერთობლივად 17 წევრი ჰყავდათ, ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობდა. ამგვარი კონფიგურაციის გამო, საკრებულომ პირველ სხდომაზე თანამდებობის პირების არჩევა ვერ შეძლო, შემდეგ კი სხდომის გახსნისთვის აუცილებელ კვორუმსაც ვერ აგროვებდა.

[4] „ჩვენ მზად ვართ“ - ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე“, საინფორმაციო პორტალი „ბათუმელები“, 2022 წლის 18 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3k06RZM, განახლებულია: 11.05.2022.

[5] ბათუმის საკრებულო 2021 წლის 3 დეკემბრის შემდეგ არ შეკრებილა (სხდომის გახსნის კვორუმის არარსებობის გამო). კანონმდებლობის მიხედვით, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ შეიკრიბება, მას უფლებამოსილება შეუწყდება, რის შემდეგაც ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მანამდე კი მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ახორციელებს. იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 144-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლი.