რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

თარიღი: 31 დეკ 2020

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენს სახელმწიფოს დემოკრატიული იმიტომ ჰქვია, რომ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ინსტიტუტები[პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და სხვ.]. როგორც დანის სიკარგე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მჭრელია იგი, ასევეა დემოკრატიაც - ის თუ რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებენ მისთვის დამახასიათებელი სახელმწიფო ინსტიტუციები.

2019 წლის მონაცემებით საქართველო დემოკრატიული ინდექსის მიხედვით განეკუთვნება ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მართალია ქვეყანაში ტარდება არჩევნები, არსებობს დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტები, თუმცა მათი ფუნქციონირება იმდენად არაეფექტიანია, რომ ვერ აზღვევს ძალაუფლების კონსოლიდაციის პრევენციას. ასეთ სახელმწიფოებს აქვთ პოტენციალი გახდნენ დემოკრატიულები, თუმცა, ამგვარ სახელმწიფოებში უფრო იოლია ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება.

დღეს 31 დეკემბერია, დღე, რომელიც გვიბიძგებს წლის განმავლობაში განვლილი მოვლენების შეჯამებისა და გაანალიზებსკენ. ამ ბლოგში შეჯამებული იქნება 2020 წელს მომხდარი ის მოვლენები, რომელიც დაგვეხმარება იმის დადგენაში თუ რამდენად დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

Covid-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა, რომ ხელისუფლება მართალია დანაწილებულია, თუმცა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ მუშაობს. ამასთან, თუკი ვინმე ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დეგრადირებაზე მიუთითებს, კრიზისმენეჯერები მოგვიწოდებენ შევეშვათ ნორმატიულ აქტებში პრობლემების იდენტიფიცირებას, ხშირად დავიბანოთ ხელები და ვატაროთ პირბადე.

ოქტომბერში ჩატარებულმა არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ თუკი ლეგიტიმურ ძალადობაზე მონოპოლია მხოლოდ შენ გაქვს, ლეგიტიმაციის ბოლო დღეს ამ მონოპოლიის შესანარჩუნებლად არალეგიტიმური ძალადობაც გამართლებულია.

ნოემბერში ჩატარებულმა არჩევნების მეორე ტურმა კი აჩვენა, რომ როდესაც მხოლოდ შენს თავს ეჯიბრები და გამარჯვება ძალიან გწყურია, არათუ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო.

საკონსტიტუციო სასამართლომ გვაჩვენა, რომ თუკი საქმე მოითხოვს, ოთხი მეტია ოთხზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის შინაარსი კი იმაზეა დამოკიდებული, რასაც ზემოთ დასახელებული საქმე მოითხოვს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გვაჩვენა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მოპოვების წარმატების ფორმულა მორჩილებაში მდგომარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გვაჩვენა თუ რას გულისხმობდა როცა ამბობდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს.

საქართველოს მთავრობამ გვაჩვენა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო ზოგი უფრო თანასწორი.

ოპოზიციურმა ერთიანობამ ჯერ ვერც ვერაფერი ვერ გვაჩვენა.

თბილისის მერმა კი გვაჩვენა, რომ სოფლის დანგრევას არც არაფერი არ უნდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გვაჩვენა, რომ თუკი სოციალური პროექტით ცდილობ მოძალადეების გაშარჟებას, ასე არ შეიძლება, რადგან მოძალადეებსაც აქვთ საკუთარი ინტერესები და მათი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია.

მოკლედ, 2020-მა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ჰიბრიდული დემოკრატიული რეჟიმიდან ნელ-ნელა გადავინაცვლეთ კონკურენტული ავტორიტარიზმის ნიშნულისაკენ.

ხოლო იმისთვის, რომ მომავალი წლის 31 დეკემბერს არ დავწერო: “მოკლედ, 2021 წელმა გვაჩვენა, რომ კონკურენტული ავტორიტარიზმიდან ჩაკეტილ ავტორიტარიზმად გადავიქეცით”, შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებებს 24/7-ზე მოქმედება აქვს და შესაბამისად 24/7-იანი დარაჯი სჭირდება.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მოდარაჯეებს გისურვებთ მხნეობას, ხოლო მთელს ერს გისურვებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას