რას ცვლის ბავშვის უფლებათა კონვენციის 26-ე ზოგადი კომენტარი კლიმატის ცვლილების კონტექსტში?

თარიღი: 14 აგვ 2024

კლიმატის ცვლილება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს.[1] გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, 739 მილიონი ბავშვი - წყლის დეფიციტის, ხოლო 470 მილიონი გვალვების მაღალი ან განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე იმყოფება.[2] ივარაუდება, რომ 2100 წლამდე კლიმატის ცვლილება ყოველწლიურად დაახლოებით 250,000 ბავშვის გარდაცვალებას გამოიწვევს.[3] აქედან გამომდინარე, მომავალი თაობების გადასარჩენად ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC-ის) შესაბამისი, მყისიერი მოქმედებაა საჭირო.

ბავშვის უფლებათა კონვენცია და კომიტეტი

1989 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულმა CRC-მ ბავშვთა განვითარების თითოეული სტადიისთვის რელევანტური მინიმალური სტანდარტები დააწესა. საქართველო მსოფლიოში ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულ კონვენციას[4] 1994 წელს შეუერთდა.[5]

CRC-ის აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ბავშვის უფლებათა კომიტეტი (კომიტეტი). ის უფლებამოსილია, განიხილოს სახელმწიფოთა ანგარიშები, ინდივიდუალური საჩივრები და მიიღოს ზოგადი კომენტარები, რომლებიც სახელმწიფოებს კონვენციის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში ეხმარება.[6] კლიმატის ცვლილების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა საქმემ „საქი (Sacchi) და სხვები არგენტინისა და სხვების წინააღმდეგ“.

საქი და სხვები არგენტინისა და სხვების წინააღმდეგ

2019 წელს, CRC-ის 2011 წლის დამატებითი ოქმის საფუძველზე, თექვსმეტმა ბავშვმა კომიტეტის წინაშე აღძრა საქმე არგენტინის, ბრაზილიის, საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის წინააღმდეგ. მომჩივნების მტკიცებით, „კლიმატის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია“.[7] მათი აზრით, მოპასუხე სახელმწიფოებმა უგულებელყვეს კლიმატის ცვლილების პრევენციასა და შერბილებასთან დაკავშირებული მეცნიერული რეკომენდაციები და დაარღვიეს მათი საუკეთესო ინტერესები, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მკვიდრი ბავშვების კულტურული უფლებები.[8] თუმცა, კომიტეტმა, შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, საჩივარი დაუშვებლად ცნო.[9] ერთი შეხედვით, უარყოფითი შედეგის მიუხედავად, მომჩივნებმა ცალსახად შეძლეს კლიმატის ცვლილების, როგორც გრძელვადიანი გლობალური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარის მიღებაში წვლილის შეტანა.[10]

26-ე ზოგადი კომენტარის ინოვაციური მიგნებები

26-ე ზოგადი კომენტარის ფარგლებში, კომიტეტმა, გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად,[11] აღიარა, რომ ბავშვთა უფლებებით სრული სარგებლობისთვის აუცილებელია „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე“ უფლების უზრუნველყოფა.[12] ამ უფლების შინაარსობრივი ელემენტები მოიცავს წვდომას სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო, სტაბილურ კლიმატზე, ჯანსაღ ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე, უსაფრთხო და საკმარის წყალზე, ჯანსაღ, მდგრად საკვებსა და გარემოზე.[13] მეორე მხრივ, მისი პროცედურული ელემენტები უკავშირდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობას, ბავშვების ასაკობრივ საჭიროებებთან მორგებულ მართლმსაჯულებასა და ინფორმაციაზე წვდომას.[14]

ხაზგასასმელია, რომ, ისტორიული გარემოსდაცვითი საქმიანობის საფუძველზე, კომიტეტმა ბავშვები „ცვლილების აგენტებად“ აღიარა,[15] რაც, ზემოხსენებული უფლების პროცედურული ელემენტების შესაბამისად, მათი ინფორმირებისა და შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს. შინაარსობრივი კუთხით, საგულისხმოა, რომ გარემოს დეგრადაცია კომიტეტმა ბავშვთა მიმართ სტრუქტურული ძალადობის ფორმად ცნო,[16] რაც, თავისთავად, განამტკიცებს მოსარჩელეთა პოზიციებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი სამართალწარმოების მიზნებისთვის.[17]

კომიტეტის პრაქტიკისთვის ასევე ინოვაციური იყო[18] გარემოს დეგრადაციისგან ბავშვთა დაცვის კონტექსტში სახელმწიფოთა აღმატებული ზრუნვის ვალდებულების აღიარება.[19] ამასთანავე, კომიტეტმა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების განადგურება გლობალურ გამოწვევებად შეაფასა, რომლებთან გამკლავებაც სახელმწიფოთა მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობას მოითხოვს.[20] ზოგად კომენტარში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოთა ვალდებულებების მოცულობა მათ მდგომარეობაზე, ისტორიულ და ამჟამინდელ ემისიებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.[21] კომიტეტის განმარტების თანახმად, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, განვითარებულმა სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ განვითარებად პარტნიორებს როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად.[22] დონორი სახელმწიფოების გარემოსდაცვითი პროგრამები ადამიანის უფლებებს უნდა დაეფუძნოს, მიმღები სახელმწიფოებისთვის კი რეკომენდებულია, დახმარების დიდი ნაწილი ბავშვებზე ფოკუსირებულ პროგრამებს მოახმარონ.[23]

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი კომენტარი რბილი სამართლის ნაწილია, ის CRC-ით მოწესრიგებული უფლებებისა და ვალდებულებების ავტორიტეტულ, დეტალურ განმარტებად გვევლინება,[24] შესაბამისად, მის ფარგლებში დანერგილი ინოვაციები ანგარიშგასაწევია კონვენციის იმპლემენტაციის მიდგომების განსასაზღვრად.[25]

26-ე ზოგად კომენტარზე დაფუძნებული რეკომენდაციები საქართველოსთვის

ზოგადი კომენტარის საფუძველზე, საქართველოსთვის რეკომენდებულია ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ადაპტაციის გეგმის შემუშავება.[26] საგულისხმოა, რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიაში ბავშვები მხოლოდ ერთხელ არიან ნახსენები.[27] შესაბამისად, მათი საუკეთესო ინტერესების ადეკვატურად დასაცავად აუცილებელია ბავშვებზე ორიენტირებული და მათი ჩართულობით შექმნილი პოლიტიკის დანერგვა.[28]

ბავშვებზე ორიენტირებული გეგმის ფარგლებში, რეკომენდებულია, სკოლებში უფასო კვების პროგრამების განხორციელება,[29] რაც არაერთი წელია მწვავე საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად იქცა.[30] მეორე მხრივ, ბავშვთა ჩართულობით წარმართული გეგმების განსახორციელებლად რეკომენდებულია მცირე აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა ხეების დარგვა, წყლის ხარისხის შემოწმება და ა.შ. ამასთანავე, ბავშვების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია რეგულარული სასწავლო განგაშების ჩატარება,[31] რომლებიც მოსწავლეებს საგანგებო მდგომარეობებთან გასამკლავებლად საჭირო პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.

დასკვნა

ვინაიდან CRC-ის 26-ე ზოგადმა კომენტარმა ნათელი მოჰფინა კლიმატის ცვლილების კონტექსტში ბავშვთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მის მიერ დანერგილი ინოვაციების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული ადაპტაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება, ისე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველმყოფი მექანიზმების გამოყენება.[32]

ბლოგი მომზადდა მარიამ ონიანის მიერ, გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსათვის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში.

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსათვის შეხედულებებს.


[1] OHCHR, Summary of the Analytical Study on the Relationship between Climate Change and the Full and Effective Enjoyment of the Rights of the Child, 2017, p. 1.

[2] United Nations Children's Fund, The Climate-changed Child: A Children's Climate Risk Index Supplement, 2023, pp. 2, 20, 22, 24, 26.

[3] Parliamentary Assembly of the Council of Europe, Committee on Social Affairs, Health and Sustainable Development, Inaction on Climate Change – a Violation of Children’s Rights, Provisional Version, 2021, p. 6.

[4] Ratification Status for CRC - Convention on the Rights of the Child, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/mvCQY, ბოლო ნახვა: 14.03.2024.

[5] UNICEF Georgia, ბავშვის უფლებათა კონვენცია, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/eoTZ1, ბოლო ნახვა: 10.03.2024.

[6] OHCHR, Introduction to the Committee on the Rights of the Child, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/rvACP, ბოლო ნახვა: 11.03.2024.

[7] CRC/C/88/D/104/2019, §3.2.

[8] CRC/C/88/D/104/2019, §3.7.

[9] CRC/C/88/D/104/2019, §§10.21, 11.

[10] Maria Antonia Tigre, Victoria Lichet, The CRC Decision in Sacchi v. Argentina, ASIL Vol. 25(1), ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hRSU8, ბოლო ნახვა: 12.03.2024.

[11] A/RES/76/300, §§1-2, A/HRC/RES/48/13, §§1-2.

[12] CRC/C/GC/26, §8.

[13] CRC/C/GC/26, §64.

[14] CRC/C/GC/26, §66.

[15] CRC/C/GC/26, §4.

[16] CRC/C/GC/26, §35.

[17] Maria Antonia Tigre, Asteropi Iliopoulos, Climate Litigation and Children’s Rights: Unpacking the CRC’s New General Comment, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/aeyER, ბოლო ნახვა: 14.03.2024.

[18] Aoife Nolan, General Comment No.26 on Children and the Environment – A Milestone in International Human Rights Law?, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/gnFV5, ბოლო ნახვა: 15.03.2024.

[19] CRC/C/GC/26, §73.

[20] CRC/C/GC/26, §91.

[21] CRC/C/GC/26, §91.

[22] CRC/C/GC/26, §91.

[23] CRC/C/GC/26, §92.

[24] Aoife Nolan, General Comment No.26 on Children and the Environment – A Milestone in International Human Rights Law?, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/gnFV5, ბოლო ნახვა: 15.03.2024.

[25] Maria Antonia Tigre, Asteropi Iliopoulos, Climate Litigation and Children’s Rights: Unpacking the CRC’s New General Comment, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/aeyER, ბოლო ნახვა: 14.03.2024.

[26] CRC/C/GC/26, §101.

[27] საქართველოს მთავრობა, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია (შერბილების ნაწილი), 2021, გვ. 113.

[28] UNICEF, The Benefits of a Child-centred Approach to Climate Change Adaptation, p. 11.

[29] UNICEF, The Benefits of a Child-centred Approach to Climate Change Adaptation, p. 12.

[30] სალომე გორგოძე, უფასო კვება სკოლებში: როგორ და რამდენად არის შესაძლებელი მისი დანერგვა საქართველოში, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hjtHJ, ბოლო ნახვა: 15.03.2024, ნინო თარხნიშვილი, უფასო და ჯანმრთელი კვება სკოლაში - უტოპია თუ რეალობა, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/blDR6, ბოლო ნახვა: 15.03.2024.

[31] UNICEF, The Benefits of a Child-centred Approach to Climate Change Adaptation, p. 12.

[32] ანა ბერიძე, კლიმატის ცვლილება და ბავშვები, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/tDPRW, ბოლო ნახვა: 15.03.2024.