მიმდინარე წლის 13 აპრილს მედიასაშუალება ,,POSTV“-ის ახალ ამბებში ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტში ,,რიონის ხეობის დამცველთა’’ ერთ-ერთი აქტივისტის ვინაობის ნაცვლად, სხვა პირის სახელი და გვარი იყო მითითებული. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად ქაოსს ქმნის პოლიტიკური ინტერესებისთვის და მიზანი კი დესტრუქცია და არეულობის შექმნაა. სიუჟეტის თანახმად, ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.
აქტივისტი მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალება აღნიშნული სიუჟეტით ცდილობდა მისი, როგორც ,,რიონის ხეობის დამცველთა“ აქტივისტის დისკრედიტაციას. სიუჟეტი პირდაპირ ეთერში გავიდა, ხოლო სოციალურ ქსელში 50 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
საია-ს დახმარებით, რიონის ხეობის მცველმა განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა შეესწავლა მედიასაშუალების მიერ პროფესიული სტანდარტების დარღვევის საკითხი, კერძოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპების შესაძლო დარღვევა.
2021 წლის 10 ივნისს ამ საქმეზე შედგა მედიაცია. POSTV-მ გამოთქვა ინფორმაციის გასწორებისა და საქმის მედიაციით დასრულების სურვილი. შედეგად,
- არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი მოიხნსა სოციალური ქსელებიდან;
- 2021 წლის 07 ივნისს, POSTV-ის 19:00 საათიან გამოშვებაში [19:57] ტელევიზიამ განაცხადა, რომ: „2021 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე გასულ საინფორმაციო გადაცემაში, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენებ ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახულ პირზე შეცდომით იყო მითითებული ვინაობა „ელდარ ანთაძე“, რეალურად ფოტოზე გამოსახული იყო გიგა კოტრიკაძე. გიგა კოტრიკაძეს ბოდიშს ვუხდით ამ ტექნიკური შეცდომის გამო“.
შესაბამისად, მითითებული გარემოების გათვალისწინებით, გიგა კოტრიკაძის განცხადებაზე დამტკიცდა მედიაცია მხარეებს შორის.