2020 წლის 12 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გაამართლა. ,,თემურ აბაზოვის საქმე“ მისი სიმძიმის, ასევე ბრალდებული პირების საქმიანობის და თანამდებობის გათვალისწინებით, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ თავიდანვე მოექცა. საქმის ირგვლივ ცნობილი გარემოებები ტოვებდა განცდას, რომ პროკურატურა შეძლებდა სასამართლოში წარდგენილი ბრალდებების დადასტურებას და სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. ამდენად, სასამართლოს მიერ ოთხივე პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამ, მის დასაბუთებულობასთან, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები გააჩინა.
დაზარალებულის ინტერესებს საია იცავს და წარმოდგენილ დოკუმენტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დაყრდნობით საქმის მნიშვნელოვან დეტალებს აჯამებს.
საია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროკურატურამ თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და მოსამართლეს შეუქმნა საფუძველი, მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდების ამ ნაწილზე საერთოდ აღარ ემსჯელა.
პროკურატურის დაუსაბუთებელი მოქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მხოლოდ ჯგუფურ ცემასა და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით იმსჯელა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს. თუმცა, განაჩენში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობები და დასკვნები აჩენს კითხვებს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გარემოებები სათანადო შეფასების მიღმაა დატოვებული.
1.რას ედავებოდა პროკურატურა ბრალდებულებს
2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრებმა პირმა (შემდგომში - დაზარალებული) ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან Facebook-ზე ვიდეო ჩართვა განახორციელა. ჩართვაში მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, თემურ აბაზოვს და ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. მომხდარის შესახებ შეიტყო თემურ აბაზოვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ჯ.ჩ.-ს დახმარებით დაზარალებულის ვინაობა დაადგინა და მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.
მარნეულში დაბრუნების შემდგომ, 22:20 საათზე დაზარალებულს დაუკავშირდა საკრებულოს წევრი, რ.ა. და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრაზე დაიბარა. დაზარალებული ოფისში დისშვილთან ერთად მივიდა. შეხვედრაზე ასევე მივიდნენ პარლამენტის წევრი, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატები ჯ.ჩ. და რამინ ალახვერდიევი, ასევე, თეიმურაზ აბაზოვის ნათესავი ელიხან გულიევი. აზერ სულეიმანოვმა დაზარალებულს მომხდარის შესახებ განმარტება მოსთხოვა და ელიხან გულიევთან ერთად მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულის შემდგომ, დაზარალებული ჯ.ჩ.-მ და რამინ ალახვერდიევმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თემურ აბაზოვთან ბოდიშის მოსახდელად წაიყვანეს. შეხვედრისთანავე თემურ აბაზოვმა დაზარალებულს სახეში შეაფურთხა, დაარტყა ხელი და აიძულა მოეშარდა ჭიქაში. ასევე, აიძულა Facebook-ის მეშვეობით განეხორციელებინა პირდაპირი ჩართვა, ბოდიში მოეხადა მისთვის, საკუთარი ცოლისათვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შარდით დაებანა სახე. დაზარალებულმა თემურ აბაზოვის მოთხოვნა შეასრულა, რაც რამინ ალახვერდიევმა და ელიხან გულიევმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. იმავე დღე, რამინ ალახვერდიევმა ვიდეო ჩანაწერები გადაუგზავნა ფ.გ.-ს, რომელმაც თეიმურ აბაზოვთან შეთანხმებით, ჩანაწერები სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა.
მომხდარ ფაქტებზე პროკურატურამ ბრალი 4 პირს წაუყენა:
- თემურ აბაზოვს - სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, პირის დამცირებას და იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. პროკურატურა აბაზოვს ასევე ედავებოდა 25, 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვების ორგანიზებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვას; ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით.
- რამინ ალახვერდიევს, ელიხან გულიევს და აზერ სულეიმანოვს - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11--ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ცემას (რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გულისხმობს. თავდაპირველად, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პროკურატურა ასევე ედავებოდა 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას; ასევე, ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.
2.პროკურატურის მოქმედებები დასკვნითი სიტყვის ეტაპზე
პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე (ანუ საქმის განხილვის იმ ეტაპზე, როდესაც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო და პროკურატურას უნდა შეეფასებინა განსახილველი საქმის გარემოებები, ყურადღება გაემახვილებინა მოწმეთა ჩვენებებზე და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას ამყარებდა), პროკურატურამ თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს ფაქტობრივად მოუხსნა 1571-ე მუხლთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება.
აბაზოვთან მიმართებით ბრალდების მოხსნა პროკურატურამ იმით ახსნა, რომ ვიდეო ჩანაწერის შენახვა, ჩაწერა და გავრცელების ორგანიზება დაზარალებულის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავდა მიზნად, და ვინაიდან აბაზოვს 1443-ე მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, დამატებით 1571-ე მუხლზე მითითების საჭიროება აღარ იყო. რამინ ალახვერდიევთან და ელიხან გულიევთან მიმართებით პროკურატურამ განმარტა, რომ მათი მხრიდან რეალურად ადგილი ჰქონდა აბაზოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეუტყობინებლობას. ამიტომ, მათ ნაწილში პროკურატურამ 1571-ე მუხლი ახალი მუხლით (376-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ჩაანაცვლა.
პროკურატურის დასაბუთება წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კანონმდებლობასთან. სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე და 1571-ე, ასევე, 376-ე და 1571-ე მუხლები სხვადასხვა ქმედებებისათვის ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ამ მუხლებთან მიმართებით ნორმათა კონკურენციის საკითხი არ დგას. შესაბამისად, არც 1443-ე და არც 376-ე მუხლები არ მოიცავს 1571 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და პროკურატურა ვალდებული იყო ბოლომდე ედავა ვიდეოების გადაღების, შენახვისა და გავრცელების ნაწილში.
3.რა გავლენა მოახდინა 1571-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მოხსნამ საქმის შედეგზე
იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო, პროკურატურას შეეძლო ევარაუდა, რომ ვიდეოების გადაღებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოუწევდა. მათ შორის, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად ადგენდა ბრალდებულების შემხებლობას ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაში. დასკვნის თანახმად, 2018 წლის 10 ივნისს, 23:25:09 და 23:25:36 საათზე რამინ ალახვერდიევმა WhatsApp-ზე ელიხან გულიევისაგან მიიღო 2 ვიდეო. პირველ ვიდეოში დაზარალებული სახეს იბანს შარდით, ხოლო მეორე ვიდეოში - იხდის ბოდიშს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს საკუთრ ცოლს. დაახლოებით ერთ წუთში რამინ ალახვერდიევი ორივე ვიდეოს უგზავნის ფ.გ.-ს და აძლევს მითითებას ვიდეოების გავრცელების შესახებ. ფ.გ. უკავშირდება თემურ აბაზოვს, მისგან იღებს თანხმობას ვიდეოების გავრცელებაზე და ვიდეოებს ავრცელებს.
მოწმე ფ.გ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა რამინ ალახვერდიევისაგან WhatsApp-ით ორი ვიდეოს და ტექსტური შეტყობინების მიღების ფაქტი. ვიდეოების მიღების შემდეგ, მან თემურ აბაზოვს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჰკითხა, გაეგზავნა თუ არა აღნიშნული ვიდეოები სხვა პირებისთვის, რაზეც აბაზოვისაგან მიიღო თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ, მან მითითებული ვიდეოები მობილური ტელეფონით გადაუგზავნა სხვადასხვა პირებს, ასევე განათავსა საკუთარ Facebook გვერდზე.
ამ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა 1571-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა, პროკურატურის მოქმედებამ გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და სასამართლოს შესაძლებლობა მისცა აღნიშნულ საკითხზე აღარ ემსჯელა.
4.გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობა
პროკურატურის მოქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მხოლოდ იმ მუხლებთან მიმართებით იმსჯელა, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ბრალდებულებს ბოლომდე ედავებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს, თუმცა, განაჩენში განვითარებული მსჯელობები და დასკვნები აჩენს კითხვებს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ განაჩენი დასაბუთებულად ჩაითვალოს, იგი უნდა შეიცავდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად ჩამოყალიბებულ დამაჯერებელ დასკვნებს.[1] რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გარემოებები სათანადო შეფასების მიღმაა დატოვებული.
- მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები
- მოსამართლემ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რომელიც დეტალურად აღწერდა მომხდარ ფაქტებს.
- მოსამართლემ ასევე დაინტერესებულ პირად მიიჩნია და არ გაიზიარა დაზარალებულის დისშვილის ჩვენება. მისი ჩვენება შესაბამისობაში იყო დაზარალებულის ჩვენებასთან, მოწმემ სასამართლოში დეტალურად აღწერა მომხდარი შემთხვევა და განმარტა, რომ აზერ სულეიმანოვმა დაზარალებულს გაშლილი ხელი სამჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყაზე, რამინ ალახვერდიევმა - კისერზე და მხარზე, ხოლო ოფისში გვიან შესულმა - ელიხან გულიევმა უკნიდან ორჯერ გაშლილი ხელი და ერთხელ ფეხი ჩაარტყა. მისივე განმარტებით, აღნიშნულს ესწრებოდნენ ა.ა. და ჯ. ჩ. მოწმე ამბობს, რომ მომხდარის შემდგომ, დაზარალებული ბოდიშის მოხდის მიზნით რამინ ალახვერდიევმა და ჯ.ჩ.-მ თემურ აბაზოვთან წაიყვანეს.
- მოწმის სახით დაკითხულმა ა.ა.-მ და ჯ.ჩ.-მ სასამართლოში გამოძიების დროს მიცემული ჩვენება შეცვალეს და ბრალდებულების სასარგებლო ჩვენება მისცეს. ჯ.ჩ.-ს განმარტებით, გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში ბევრი რამ არის როგორც არასწორად ნათარგმნი, ასევე არასწორად ნათქვამიც, რადგან ახალი ნაოპერაციევი იყო, თავს გრძნობდა ცუდად და ასეთ პირობებში მოხდა მისი გამოკითხვა.
ა.ა.-მ სასამართლოში განაცხადა. რომ გამოძიებისას მის მიერ მიცემული განმარტება არასწორად არის ნათარგმნი და ჩაწერილი, მას სიტყვა ,,ცემა" და ,,დარტყმა“ არ გამოუყენებია. მისი გამოკითხვა მოხდა რამაზანის მძიმე მარხვისას, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, უნდოდა მალე დამთავრებულიყო გამოკითხვა, ენდო გამომძიებელს და ისე მოაწერა ხელი ჩვენებას თარგმნის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ა.ა.-ს და ჯ.ჩ.-ს მიერ სასამართლოში შეცვლილი ჩვენებები მათ სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენდა, სასამართლომ ორივე შეცვლილი ჩვენება გაიზიარა და არ დაასაბუთა, რამდენად არსებითი იყო თარჯიმნის მიერ გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვისას დაშვებული შეცდომები.
- ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევა
დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ მან მომხდარის გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლომ კვლევის შედეგები არასრულფასოვნად მიიჩნია და არ გაიზიარა. მოსამართლის შეფასებით, დასკვნა მხოლოდ დაზარალებულის მონაყოლს ეყრდნობა, თუმცა, არ დაუსაბუთებია დაზარალებულის მონაყოლის საფუძველზე შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა რატომ არ მიიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად.
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა ყურის ნიჟარის მიდამოში, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოსამართლემ ამ მტკიცებულებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ დაზარალებული და მისი დისშვილი, დაბეჯითებით მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულებმა დაზიანებები მიაყენეს ლოყაზე და არა ყურის მიდამოზე. დამატებით მოსამართლემ განმარტა, რომ თუ კი ბრალდება მოიაზრებდა ამ ფაქტს თემურ აბაზოვის მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი ფაქტის კონტექსტში, აღნიშნული არ დასტურდებოდა ორი მოწმის (ა.ა. და ჯ.ჩ.) ჩვენებით.
- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა დაზარალებულის განმარტება, რომ ხელზე დაისხა შარდი და დაიბანა სახე უშუალოდ თემურ აბაზოვის მიერ მიწვდილი ჭიქით.
მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ჭიქაზე თემურ აბაზოვის გენეტიკური თანამონაწილეობის კვალი არ აღმოჩნდა, თუმცა, დადგინდა მასზე დაზარალებულის ბიოლოგიური მასალის (შარდის) კვალი.
- სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერები, კომპიუტერული და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები
კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით და სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერებით დასტურდება თემურ აბაზოვის, ელიხან გულიევის და რამინ ალახვერდიევის შემხებლობა აღნიშნულ საქმესთან, მათ შორის, დგინდება მათი მონაწილეობა დაზარალებულის დამცირების, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ 1571-ე მუხლთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება მოხსნა, თემურ აბაზოვს პროკურატურა ბოლომდე ედავებოდა პირის დამცირებას და იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები უტყუარად ადასტურებს დაზარალებულის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აუდიოგრამებს და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სასამართლომ აღნიშნულ მტკიცებულებებს სათანადო შეფასება არ მისცა. შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა - თუ ბრალდებულები არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ჩანაწერები მათ ხელში.
პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2020 წლის 9 მარტს გაასაჩივრა (არსებული კანონმდებლობით, დაზარალებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება არ აქვს) და საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
[1] ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.