რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან N IV სახელმწიფოთაშორისო დავა წააგო

თარიღი: 10 აპრ 2024

2024 წლის 9 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია N IV სახელმწიფოთაშორის დავაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო.

საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საიასა და 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ, 2018 წლის 22 აგვისტოს წარედგინა, ხოლო დასაშვებად 2023 წლის 20 აპრილს გამოცხადდა. საქმე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას შეეხება და მოიცავს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სასტიკი წამებისა და მკვლელობის საქმეებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 19 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ინტერესებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავდა. საქმეზე 2023 წლის 19 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის 38-ე მუხლთან ერთად, მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

N IV სახელმწიფოთაშორის დავის ფარგლებში სასამართლომ რუსთის ფედერაციას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 – (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), Iდამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლების (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა დაუდგინა.

სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

- საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობისა და წამების განხილული ინციდენტები საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებულია, რათა განხილულ იქნას არა როგორც განცალკევებული ინციდენტებად ან გამონაკლისებად, არამედ ეს ფაქტები ადასტურებს ერთგვაროვანი პოლიტიკის არსებობას. მეტიც, განსახილველ ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკის „ოფიციალური შემწყნარებლობის“ ელემენტი, ასევე დადგენილია გონივრული ეჭვის მიღმა;

- ადმინისტრაციული პრაქტიკა დადგინდა ასევე, უკანონო დაკავებებთან და გადაადგილების თავისუფლების უფლებასთან მიმართებით. სასამართლოს განმარტებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან დაკავება ვერ ჩაითვლება კანონიერად კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისთვის;

- „ბორდერიზაციის“ პროცესი შეფასდა, როგორც ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევად, რამეთუ მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები ანცალკევებს ოჯახებს, ხოლო მოქალაქეებს არ აძლევთ საკუთარი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას;

- ქართული ენა კონვენციის I დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მიზნებისათვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ ენად იქნა მიჩნეული, ხოლო ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა განათლების უფლების დარღვევად იქნა აღიარებული.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში არსებული განმარტებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებაში დაეხმარება.

გადაწყვეტილების ფონზე, საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განგრძობადად, დღესაც, ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.


ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამართლის დროული აღსრულება, აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დროული დაკისრება და საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დროული გამოვლენა. ამ უკანასკნელის განსახორციელებლად კი, აუცილებელია სრულიად საერთაშორისო საზოგადოების ნების ფორმირება. ამ მიზნით საიამ 2024 წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად რუსეთის პასუხისმგებლობის დამდგენ საქმეებზე მიღებული/მისაღები გადაწყვეტილებების აღსრულებას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის თაობაზე თანმიმდევრული და ეფექტიანი საგარეო ადვოკატირების წარმოებისკენ მოუწოდა.

საია კვლავაც განაგრძობს შეიარაღებული კონფლიქტისა და განგრძობადი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საერთაშორისო დონეზე ინტერესების დაცვასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს.