რუსეთის ფედერაციას დღემდე არ გადაუხდია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრისა და 26 მარტის გადაწყვეტილებებით 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია.
2019 წლის 31 იანვარს ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) რუსეთიდან დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის მინიჭების თაობაზე იმსჯელა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. იქიდან გამომდინარე, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, იგი გამოქვეყნებისთანავე საბოლოო გახდა. რუსეთის ფედერაციას განესაზღვრა სამ-თვიანი ვადა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადასახდელად. აღნიშნული ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა ისე, რომ რუსეთმა კომპენსაცია არ გადაიხადა.
სახელმწიფოთაშორისი საჩივრის გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა ინდივიდუალური საჩივრების ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
წინამდებარე გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს პალატამ მიიღო, რომელიც მიღებიდან სამი თვის შემდეგ, 2019 წლის 26 ივნისს გახდა საბოლოო. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული თანხა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვადა 2019 წლის 26 სექტემბერს გავიდა. თუმცა, რუსეთს ამ დრომდე საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები მიაწოდეს.
2019 წლის 23-25 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, სახელმწიფოთაშორისი საქმის ფარგლებში რუსეთისთვის დაკისრებული ინდივიდუალური ღონისძიებების შესრულების პროცესი შეაფასა. მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული 10 მილიონის ოდენობის კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ მოუწოდა. აღნიშნული საქმის განხილვა მინისტრთა კომიტეტში 2019 წლის დეკემბერში განახლდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. რუსთის ფედერაცია, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და უზრუნველყოს მისი დროული აღსრულება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევის დადგენის პარალელურად, მიკუთვნებული კომპენსაციის გადახდა მნიშვნელოვანია სამართლიანობის და დაზარალებული პირების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენისთვის.
შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას:
- დაყოვნების გარეშე უზრუნველყოს სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საქმეების ფარგლებში მისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა დარიცხულ პროცენტთან ერთად;
საქართველოს ხელისუფლებას:
- გააძლიეროს მოლაპარაკებები ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან, რათა მათ თავის მხრივ მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას დეპორტაციის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულება;
ევროპის საბჭოს და მის ორგანოებს:
- მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას დაკისრებული კომპენსაციის დროული გადახდა;
- მიიღოს შესაბამისი შუალედური რეზოლუციები რუსეთის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიყენოს მისი მანდატის ფარგლებში არსებული სხვა ღონისძიებები.