რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს

თარიღი: 29 აპრ 2024

29 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმართება რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა. სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კონფრონტაციულ რეჟიმში მიმდინარეობს და კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს და აძევებს დარბაზიდან. ამ დროისათვის სხდომა დაატოვებინეს: თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ ჩარკვიანს, ანი წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ქეთევან თურაზაშვილს. კითხვის დასმის შესაძლებლობა ეზღუდებათ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა.

ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება „რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო.

მოვუწოდებთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს ევროპული ორბიტა

საფარი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

მედიის განვითარების ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

დემოკრატიის მცველები

Tbilisi Pride

საქართველოს მომავლის აკადემია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი